ავტორი: სალომე ზაალიშვილი
სააუქციონო სახლმა Lucien Paris-მა გასაყიდად ახლად აღმოჩენილი დორა მაარის პორტრეტი გამოიტანა. წინასწარი შეფასებით, ნახატის ფასი 8 მილიონი ევროა, თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საბოლოო ფასი მოლოდინებს გადააჭარბებს.
დორა მაარის პორტრეტი აუქციონზე 24 ოქტომბერს გადის, ხოლო მისი ნახვა აუქციონამდე სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
დორა მაარის პორტრეტი პაბლო პიკასოს პარიზის სახელოსნოში
როგორც აღმოჩნდა, დაკარგულად მიჩნეული ნახატი საფრანგეთში, ოჯახში, ინახებოდა. ექსპერტებმა ნამუშევრის არსებობის შესახებ მხოლოდ პიკასოს ატელიეში გადაღებული შავ-თეთრი სურათიდან იცოდნენ, რადგან შექმნიდან მალევე, 1944 წელს, პარიზის დეოკუპაციის თვეში ის გაიყიდა და ამის შემდეგ საჯაროდ არ გამოტანილა.

დორა მაარი (1939)
პაბლო პიკასო
ცნობისთვის: ფრანგი ფოტოგრაფისა და მხატვრის დორა მაარის პორტრეტი პაბლო პიკასომ, 1943 წელს, პარიზის ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპაციის დროს დახატა. ის პუბლიკის წინაშე 80 წლის შემდეგ პირველად გამოიტანეს 18 სექტემბერს. დორა მაარი პიკასოს ერთ-ერთი მუზა იყო, სიურრეალიტთმა ფოტოგრაფმა მის შემოქმედებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია და მხატვარმა იგი 9 წლიანი ურთიერთობის მანძილზე არაერთხელ გამოსახა ტილოზე. დორა მაარის ერთ-ერთი პორტრეტი Sotheby’s-ის მიერ 2021 გაიყიდა, მისმა საბოლოო ფასმა 21.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.




























