ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის, შესაძლოა, მორიგი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდეს. ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ ამ პირობებში საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა ეძლევა, რაც სტატისტიკაში უკვე ჩანს.
ბოლო პერიოდში მცირედი ზრდა აქვს ფოთის პორტსაც, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე პორტის ადმინისტრაცია ჯერ არ საუბრობს. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ირანის ბენდერ-აბასის პორტის ჩაკეტვა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი საფრთხეები ტვირთნაკადებს საქართველოს დერეფნისკენ გადმოამისამართებს.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო მარშრუტი უფრო გრძელია, ზვიად ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს, რომ „შუა დერეფანი“ სტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ტვირთების გარკვეული ნაწილი სწორედ შუა დერეფანში გადმომისამართდეს.
“ირანი წლების განმავლობაში სანქციების ქვეშ იყო, მაგრამ რეალობაში ბენდერ-აბასის პორტიდან და პორტის მიმართულებით მაინც ხორციელდებოდა გადაზიდვები. ახლა, როცა სრულად დაიხურება, გარკვეულ ტვირთებს ჩვენს დერეფანში გადმოამისამართებს.
აგრეთვე, ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორია დუბაი, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით გადიოდა ჯებელ-ალის პორტიდან მომავალი ტვირთები. ჯებელ-ალი წარმოადგენს თავისუფალ ზონას და იქ მიემართებოდა გარკვეული სახის ტვირთები, მათ შორის ჩინეთიდან მომავალი ტვირთები. რიგ შემთხვევებში დუბაის პორტიდან ხორციელდებოდა მათი რეექსპორტი უკვე საქართველოს მიმართულებით და ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. ასე რომ, აქ სამი მიმართულებაა:
- ბენდერ-აბასის პორტი რეალურად დაიხურა და ეს ნაკადი ცალსახად გადმომისამართდება შუა დერეფანში.
- დაველოდოთ, თუ როგორ აისახება ჯებელ-ალის პორტზე შემდგომში განვითარებული მოვლენები.
- ნავთობის ფასი იზრდება და გადაზიდვის ფასი მოიმატებს.
ზოგადად ბოლო სამი წლის ჭრილში ჩვენ მუდმივად მატება გვქონდა. ჯერჯერობით ორი თვეა დაფიქსირებულია მცირეოდენი ზრდა, მაგრამ დაველოდოთ, ექვსი თვის ჭრილში დავინახავთ შედეგს. ლოგისტიკის დარგი უკვე შეეჩვია არასტაბილურ გარემოს და ადაპტირდა”, - აცახდებს ზვიად ჩხარტიშვილი.




























