მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთის მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე არხით მოახდენს - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

გაზრდილი ფასები, ტურიზმი და უცხოური კაპიტალი - ეს ის ძირითადი არხებია, რაზედაც ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება იქონიებს გავლენას.

"პირველი, ეს იქნება გაზრდილი ფასები. ფასების ზრდა შეიძლება ნებისმიერ სექტორს შეეხოს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაეცემა ბევრ სხვა სექტორს. ფასების მატება თავის მხრივ გამოიწვევს სავარაუდოდ, მოთხოვნის შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის შენელებას ქვეყანაში.

ზოგადად შეიძლება მოიშალოს მიწოდების ჯაჭვები, რაც გაართულებს და გააძვირებს ვაჭრობას. კრიზისის შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ რეალობა, რომ პირობითად ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდა შენელდეს ან საერთოდ შემცირდეს.

კიდევ ერთი ფაქტორი არის სექტორული. შეუძლებელია ამ მოვლენებმა არ იმოქმედოს ტურისტულ ნაკადებზე. მაგალითად, ავიღოთ ისრაელი. ისრაელს ძალიან დიდი როლი ჰქონდა ქართულ ტურიზმში. ახლა ქვეყანა ფაქტობრივად ომის მდგომარეობაშია, შესაბამისად შეიცვლება ქცევა მოქალაქეების. მე ველოდები, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანაში სიტუაცია ვერ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო 2025 წელს.

ტურიზმის სექტორს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოფლის მეურნეობაზე, სტუმარ-მასპინძლობაზე და ამიტომაც ამ არხებით შეიძლება რეალურ ეკონომიკაზე, დასაქმებაზეც უარყოფითად აისახოს კონფლიქტი", - აღნიშნა ხიშტოვანმა.

ეკონომისტის თქმით, რეგიონში შექმნილ ვითარებას შესაძლოა ჰქონდეს პოზიტიური ეფექტიც, თუ საქართველოში მაგალითად, ირანიდან კაპიტალის შემოდინების ტენდენცია გაჩნდება.

"პოზიტიური არის შემდეგი: რუსი მიგრანტების შემოსვლამ მოგვცა საკმარისი მტკიცებულება იმის, რომ თუ დიდი ომი იწყება რეგიონში, ბევრს უნდა საქართველოში შემოსვლა, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და ამიტომაც ამან შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროზე.

ერთი მხრივ გვყავდა მოსაზღვრე რუსეთი, გახსნილი საზღვრები და მეორე მხრივ გვყავს უფრო შორს მდებარე ირანი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი საზღვარი საქართველოსთან, რომელიც არის დასანქცირებული და ფულადი ტრანსფერები და ფულის შემოტანა ბევრად უფრო რთული იქნება საქართველოში. მაგრამ ერთადერთი პოზიტივი, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს აქედან, არის ის, რომ თუ საქართველოში პირობითად ჩვენ კარი გავუხსენით 100 000 ირანელს, რომელიც კაპიტალით გადმოვა საცხოვრებლად საქართველოში, ეს დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ სხვა ტიპის რისკების მატარებელია უსაფრთხოების ნაწილში”, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები