მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა.

ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ ბარელზე $72.57 დოლარი შეადგინა. პარალელურად, Brent-ის მარკის ნავთობი დაახლოებით 9%-ით, $79.41 დოლარამდე გაძვირდა.

ბაზარზე ფასების მკვეთრი ნახტომი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებსა და მიწოდების გლობალური ჯაჭვის შესაძლო შეფერხების მოლოდინს უკავშირდება.

ფასების ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის ფაქტობრივი შეჩერებაა, რადგან გადამზიდავი კომპანიები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. ჰორმუზის სრუტე გლობალური ნავთობვაჭრობის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილია, რომელზეც 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო საზღვაო ნავთობექსპორტის დაახლოებით 25%-30%, დღეში 14 მილიონ ბარელზე მეტი გადის. ვითარებას ართულებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანში სამხედრო ოპერაციები დასახული მიზნების სრულ მიღწევამდე გაგრძელდება.

ფინანსური ინსტიტუტების ანალიტიკოსები ბაზარზე რისკების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში ფასების დინამიკას ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენის ტემპი და ირანის საპასუხო ქმედებების მასშტაბი განსაზღვრავს. Barclays-ისა და UBS-ის ექსპერტების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, Brent-ის ნავთობის ფასმა, შესაძლოა, ბარელზე $100-დან $120 დოლარამდეც მიაღწიოს. Kpler-ისა და Lipow Oil Associates-ის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ტანკერების შეფერხებასა და თეირანში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ირანული ნავთობექსპორტის კოლაფსის საფრთხეზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე ესკალაცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა საჰაერო იერიშებმა გამოიწვია, რასაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და ისლამური რესპუბლიკის სხვა მაღალჩინოსნების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის გაურკვეველია, თუ ვინ უხელმძღვანელებს OPEC-ის სიდიდით მეოთხე ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოს, რომელიც დღეში დაახლოებით 3.3 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. რეგიონში მიმდინარე ომი პირდაპირ ემუქრება აზიის ეკონომიკებსაც, რადგან ჰორმუზის სრუტიდან ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 75% ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები