სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლისთვის“ წლის პირველი ნახევარი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. კურორტის დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, “ბიოლმა” ყველაზე მაღალგადამხდელუნარიანი ვიზიტორების ნაკადი დაკარგა.
თამაზ მჭედლიძის თქმით, “ბიოლის” ძირითად მომხმარებელს ისრაელის, საუდის არაბეთისა და დუბაის მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ამიტომ რეგიონში სიტუაციის დაძაბვამ ამ ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლა მკვეთრად შეზღუდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში, დაახლოებით, 2-3%-ით შემცირდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა, ისე - საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები.
"ჩვენს შემთხვევაში, ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ვიდრე - ზოგადად ტურიზმში, რადგან ირანთან ომის გამო, მაღალმხარჯველუნარიანი ადამიანების ჩამოსვლა შეიზღუდა. ამდენად, წლის პირველი ნახევარი ჩვენთან ბევრად უფრო უარესი იყო, ვიდრე ალბათ სხვა დანარჩენ ადგილებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო", - აღნიშნა ბიზნესმენმა, თუმცა კონკრეტული მაჩვენებლები არ დაუსახელებია.
"წერტილთან" ინტერვიუში თამაზ მჭედლიძემ თქვა, რომ მართალია, „ბიოლი“ სამედიცინო Wellness კურორტია, მისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს სრულიად სხვა მიმართულება აგენერირებს, რაც თავად დამფუძნებლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
"შესაძლოა გაგეცინოთ, მაგრამ „ბიოლის“ მთავარი მომხმარებელი და შემოსავლების უდიდესი წყარო - 60%-ზე მეტი - „ბიოლი ჰოლის“ ივენთ-ჰოლი აღმოჩნდა, სადაც ქორწილები და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ამას საერთოდ არ ველოდი და ეს მიმართულება ბიზნესმოდელში საერთოდ არ მქონდა გათვლილი, თუმცა დღესდღეობით, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ მას უკავია ლიდერის პოზიცია", - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
მისივე ინფორმაციით, საქორწილო დამკვეთების 80% საქართველოს მოქალაქეა. ჯამში, კურორტზე 200-ზე მეტი ქორწილი გადაიხადეს.
"გახსნიდან დღემდე, 200-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა თავისი ბედნიერება „ბიოლში“ და ამით ვიწყნარებ გულს... მაგრამ „ბიოლი“ არის სამედიცინო Wellness კურორტი", - ამბობს ბიზნესმენი.
კურორტის შემოსავლის მეორე წყარო კოტეჯებში დასვენება და რესტორანია. როგორც თამაზ მჭედლიძე განმარტავს, თბილისის სიცხის ფონზე, კურორტი ცდილობს ოჯახებსაც უმასპინძლოს, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნების ხარჯზე.
"როგორც სამედიცინო Wellness კურორტი, წესით ბავშვებს არ უნდა ვუშვებდეთ, მაგრამ ვინაიდან 32 ჰექტარი ტერიტორია გვაქვს, ბავშვების საჟრიამულო ადგილებიც გვაქვს... უბრალოდ, დანარჩენ ლოკაციებში მშობლების პასუხისმგებლობაა ბავშვის მართვა, რომ არ იყოს ზედმეტი ხმაური. რესტორანშიც წყნარი მუსიკა გვაქვს - სალამური ან ვიოლინო", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მოლოდინებს წლის მეორე ნახევრისთვის, გლობალური არასტაბილურობის გამო, ბიზნესმენი წლის პროგნოზირებისგან თავის შეკავებას ირჩევს და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას ადევნებენ თვალს.
"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აღარანაირი მოლოდინი არ გვაქვს - უბრალოდ არ ვიცით, რა იქნება და როგორ. ხან წყნარდება სიტუაცია, ხან ისევ ომობენ... ამიტომ, როგორც იტყვიან - „ბუნების წიაღს მივყვებით" - რაც მსოფლიოში ხდება, იმისდა მიხედვით ვმოქმედებთ და სიტუაციას ვერგებით”, - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.
ცნობისთვის: სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროექტში 52 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კიდევ 25 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.




























