მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა ტურიზმზე - როგორი უნდა იყოს ბიზნესის/სახელმწიფოს ხედვა? | მაია წერეთლის მოსაზრება

მაია წერეთელი

ტურიზმის დარგის წარმომადგენლის, სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის ხელმძღვანელის მაია წერეთლის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ომი არც ისე ხანმოკლე იქნება, რამაც შესაძლოა საქართველოში ტურიზმის დარგზე გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური გავლენა იქონიოს.

McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არსებული მაღალი ტურისტული აქტივობის ფონზე, უკვე დღეს სასტუმროებში მარტის განმავლობაში ჯავშნების 80% გაუქმებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ამასთან, ის ამბობს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის, ანუ მაისისთვის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები ჯერ არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, ამ მიმართულებებიდან ტურისტების „გადინების ეფექტი“ ხანგრძლივი იქნება.

„საქმე სერიოზულ შეტაკებასთან გვაქვს, როდესაც ჩართულია ერთის მხრივ ამერიკა და ისრაელი და მეორეს მხრივ ირანი. ამიტომ ასეთი ტიპის კონფლიქტი არ მგონია ორ-სამ დღეში ამოიწუროს. შესაბამისად, გრძელვადიანი ეფექტი ექნება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადამიანები თავიანთ მოგზაურობას გარკვეული ვადების და გარკვეული პირობების მიხედვით გეგმავენ. თუ მათ ეს გეგმები ჩაეშლებათ, ცხადია იგივე ტიპის მოგზაურობის სურვილი, უახლოეს ხანებში, ალბათ აღარ გაუჩნდებათ. ამიტომ ასეთი ტიპის ეფექტს Spillover effect-ს ეძახიან ხოლმე, ასეთი ტიპის განზოგადებული ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე“, - განმარტავს მაია წერეთელი.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის სასტუმროებზე გავლენის შეფასებისას ბიზნესის გადაწყობის პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას. მაია წერეთელი ამბობს, რომ გამოწვევის საპასუხოდ კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობა აუცილებელია. ის თვლის, რომ განსაკუთრებული ყურადღება შიდა ტურიზმზე უნდა გაკეთდეს.

ჩვენს შემთხვევაში ალბათ მოგვიწევს რაღაც ისეთი ტიპის ღონისძიებების გატარება, როგორიც არის თანამშრომლების ფასიანი შვებულებით სარგებლობა, რომ შევინარჩუნოთ მათი ანაზღაურება და სხვა რაღაც ტრენინგებზე გადართვა. განსაკუთრებული აქცენტი ახლა შიდა ტურიზმზე უნდა გავაკეთოთ. ამ მხრივ სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს და რაღაც ღონისძიებები უნდა დასახოს. მათ შორის ისეთი ღონისძიებები, რაც შეიძლება ჩატარებულიყო [ტურისტულად აქტიურ] სეზონზე, გადმოიტანონ არასეზონზე და კვება და ღონისძიებების მიმართულება მაინც დაიტვირთოს. ბევრი სექტორის ერთობლივი მუშაობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ამბავმა მთელ ტურიზმზე სერიოზული უარყოფითი გავლენა არ იქონიოს“, - ამბობს წერეთელი.

McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი ინფორმაციით, მათი მართვის ქვეშ არსებულ სასტუმროებში ფასების გადახედვა შემცირების მიმართულებით უკვე დაიწყო.

„არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ფასებზე გავლენას იქონიებს. ჩვენ უკვე შევცვალეთ ფასების სისტემაში იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი სტუმარი და შეიძლება ის კატეგორიაც, რომელიც აქამდე არ განიხილავდა ჩვენთან დარჩენას. ცხადია, ეს მარტის და აპრილის თვეში გაგრძელდება.

მოგეხსენებათ ჯავშნების სისტემაში საკმაოდ კარგი პროგნოზები იყო, მაგრამ ახლა ერთბაშად გავლენა იქონია“, - აღნიშნა მაია წერეთელმა და ისიც თქვა, რომ 6 მარტამდე ჯავშნების გაუქმების შემთხვევაში Marriott International-ის სასტუმროებში განსხვავებული მიდგომები იქნება: „ის ადამიანები, ვისაც ჯავშნები გაუუქმდებათ (ჯერჯერობით ეს არის ექვს მარტამდე პერიოდში და შემდგომ ალბათ გახანგრძლივდება), ჯარიმა არ დაერიცხებათ, რაც კომპანიის მხრიდან საკმაოდ კარგი მიდგომაა. ვინაიდან თუ ადამიანს თვითმფრინავის ბილეთი გაუუქმდა, ის ვერ შეძლებს საერთაშორისო ფრენით სხვა ქვეყანაში მოგზაურობას. ამიტომ მიდგომა ასეთია, რომ არჩამოსვლის ჯარიმა არ დაერიცხებათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები