ეიპიემ ტერმინალს ფოთი მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას ეიპიემ ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე- ეს განცხადება დღეს ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება როგორც ჩანს ამ დრომდე არ გაფორმებულა. საკითხზე კომენტარი სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც გააკეთა.