მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტი
BM. GE
28.09.23 17:13
14

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.

პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 771-ე მუხლში. კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი და საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის, პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 150 ლარით,  ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე -  10 000 ლარით.

პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს წარადგენდა, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსით  აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში აქამდე დაწესებული ჯარიმები დარღვევის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამავე კანონპროექტს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს და პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები