მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ალაპარაკდები? - გაწამებ... ყველაფერია ბაჩიაშვილის საქმეში, რაც გვაჩვენებს, რაზე წამსვლელია რეჟიმი"|ხიდაშელი

გიორგი ბაჩიაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს [„ქართული ოცნების“] რეჟიმის „ყველაზე მთავარ მსხვერპლად“ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა კორუფციასთან ბრძოლის სახელით, ბოლო თვეებში, ხელისუფლების ყოფილი წევრების დაპატიმრების მოტივი იყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ დაპატიმრებების სერია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კარგად გათვლილი სტრატეგიაა, რომლის მიზანიც აბსოლუტური შიშისა და კონტროლის დამყარებაა.

ბაჩიაშვილის საქმე, როგორც სანიმუშო სცენარი ყველასთვის - თინა ხიდაშელის აზრით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე იყო გარდამტეხი წერტილი, რომელმაც რეჟიმის რეალური სახე გამოაჩინა.

„ეს არ იყო მხოლოდ კერძო დავა, არამედ გზავნილი მთელი სახელისუფლებო გუნდისთვის... გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი - ხომ გახსოვთ, გაქცეული ჩამოიყვანეს. ჩემი აზრით, ძალიან არასათანადო ყურადღება მიექცა ამ საქმის ანალიზს... თითქოს ვიღაცამ ყველა შესაძლო ვერსიის სცენარი დაწერა და ყველაფერი ერთად აჩვენა ადამიანებს: „გაიქცევი? - ჩამოგიყვან. ალაპარაკდები? - სამარტოო საკანში გცემ, გაწამებ, ოჯახის წევრებს დაგიტერორებ. მოხუცი მშობლები გყავს? - რა პრობლემაა?! - ყველაფერია ბაჩიაშვილის საქმეში, რაც გვაჩვენებს, რაზეა წამსვლელი და სადამდე წამსვლელია რეჟიმი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ყოფილი მინისტრის თქმით, იმ სისასტიკის გამო, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეს ახლდა, გიორგი ბაჩიაშვილს რეჟიმის „ყველაზე მთავარ მსხვერპლად“ მიიჩნევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილი დაპატიმრებით თავის თანაგუნდელებს - ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს თუ მოქმედ მინისტრებს - თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ ეს არის „ინდივიდუალური სუვერენიტეტის“ დემონსტრირება.

„ბიძინა ივანიშვილი წარმოგვიდგა ადამიანად, რომელიც ყოველდღე საკუთარ თავს და შემდეგ ყველას გვიმტკიცებს, რომ მასზე გავლენას არავინ და არაფერი ახდენს. მან მოიპოვა ის, რაზეც ხშირად გველაპარაკება ხოლმე „ინდივიდუალური სუვერენიტეტი“ და ამის ფარგლებში, არც კანონს დაგიდევთ, არც სახელმწიფოებრიობას, არც მეგობრობას, არც პარტიულობას. როგორც გადაწყვეტს, ზუსტად ისე განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა მან.

ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის მეგობრობა ან წარსულში თანამშრომლობა არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს. პირიქით, ფაქტია, ყოფილი თანაგუნდელების დასჯა ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელი ფორმებით ხდება.

„საქმე ისაა, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს უზარმაზარი დამცირების და ადამიანური ღირსების შელახვის ხარჯზე. ეს ზღვარი აღარ გადის მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე - მეგობრები რომ იყვნენ გუშინ, იმ ადამიანებსაც ეხებათ. მეგობრობა არ არის ბარიერი, რომელსაც ის ვერ გადალახავს. რაც ყველაზე მთავარია, ის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკება, არამედ ყველას: დასავლეთს, ვაშინგტონს, ოპონენტებს... ის ამბობს, რომ მას თავისი გზა აქვს არჩეული და არაფერს მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს თავდაცვის ექსმინისტრი.

ინტერვიუს დასასრულს თინა ხიდაშელმა გააფრთხილა მოქმედი მაღალჩინოსნებიც და მათაც გიორგი ბაჩიაშვილის საქმე შეახსენა, როგორც „სანიმუშო გაკვეთილი“ მათთვის, ვინც „ფურცლის გადატრიალებას“ ან სიმართლის თქმას გაბედავს.

„ადამიანების საშინელ, განადგურებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების მიუხედავად, მაინც ყველაზე უფრო მძიმე ფურცელი, რომელიც მან [ივანიშვილმა] დაწერა თავისი მმართველობის პერიოდში, ეს არის ციხეში, სამარტოო საკანში ნაცემი პატიმარი, რომელიც მუდმივად იქნება სურათ-ხატი ღარიბაშვილისნაირი ხალხისთვის, რომ თუ გაძალიანდებიან, ბაჩიაშვილის ბედს გაიზიარებენ. ეს არ მომხდარა შემთხვევით და არ მომხდარა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის გამო. ეს არის სანიმუშო საქმე ყველა შემდგომი დაპატიმრებისთვის გამზადებული პირისთვის“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის: გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამას გარდა, ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

თანაინვესტირების ყოფილი ხელმზღვანელი ასევე მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები