გზების დეპარტამენტმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოების შესრულების მიზნით ოთხი ტენდერი ჯამში 9.2 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა.
კერძოდ, სამუშაოები უნდა შესრულდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მილარის სამ უბანსა და სოფელ ერისიმედში. გზების დეპარტამენტის განცხადებით, მდინარე ალაზნის ნაპირზე განვითარებული ეროზიული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
"მდინარე ალაზნის კალაპოტის ღერძი წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ბუნებრივ საზღვარს, შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სასაზღვრო ტერიტორიის დაცვის თვალსაზრისითაც. ნაპირაღდგენითი სამუშაოები განხორციელდება 4 სხვადასხვა უბანზე, ხოლო პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 9 205 249 ლარს შეადგენს", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ნაპირსამაგრი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტენდერში წინადადებების მიღება მარტში დასრულდება.




























