მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ავანსების რა ნაწილი იყო არაუზრუნველყოფილი? - პასუხი

რევაზ სოხაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამი ქვეუწყების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ჯამურად გაცემული ავანსების 23%-დან 37%-მდე არაუზრუნველყოფილი იყო.

ამის შესახებ BMG-ის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა.

ამ თემაზე კითხვების ინსპირაცია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის მიერ, 25 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუ გახდა, სადაც მან „თეთრი სიის“ ინსტრუმენტზე ისაუბრა. „გვაქვს ძალიან ბევრი კონტრაქტი, როდესაც ათეულობით მილიონობით ლარი არაფრითაა უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს გადახდილი აქვს, სამუშაოები კი არ არის შესრულებული და დღეს, ჩვენ რომ გავწყვიტოთ ამა თუ იმ კომპანიასთან კონტრაქტი იმის გამო, რომ ის თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მოგვიწევს უკვე ამ თანხაზე ცალკე დავა და კითხვის ნიშნის ქვეშ არის, შევძლებთ თუ არა ამის ამოღებას. საკმარისად ბევრია ასეთი შემთხვევა, რომ სახელმწიფოს ეფიქრა „თეთრი სიის“ გაუქმება“, - განაცხადა მინისტრმა.

29 ოქტომბერს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, მისულმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო".

„გზების დეპარტამენტის მიერ ჯამურად გაცემული ავანსების 27.45% არის არაუზრუნველყოფილი, აქედან, შეწყვეტილი ხელშეკრულებების ფარგლებში ჯამურად გაცემული ავანსების 9.97% არის არაუზრუნველყოფილი (2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით).

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ მიმდინარე პროექტების ფარგლებში ჯამურად გაცემული ავანსიდან დაახლოებით 37% არ არის უზრუნველყოფილი საგარანტიო მექანიზმებით. ამასთან, შეწყვეტილი ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული ავანსიდან 8.8% წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ თანხას (2025 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით).

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჯამურად გაცემული ავანსების 23.3% არის არაუზრუნველყოფილი. შეწყვეტილი ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული ავანსების 30.14% არის არაუზრუნველყოფილი (2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით)“, - წერია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.

აღსანიშნავია, რომ რევაზ სოხაძის უწყებაში რამდენიმე კონკრეტული კითხვა უპასუხოდ დატოვეს იმ მიზეზით, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი საკითხები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. კერძოდ, BMG-ის აინტერესებდა შემდეგ კითხვებზე პასუხები:

  1. დღეისათვის, ჯამში, რამდენი კონტრაქტი აქვს სახელმწიფოს გაფორმებული და რამდენი მილიონი ლარია არაუზრუნველყოფილი? [ვგულისხმობთ კომპანიებს/კონტრაქტებს, სადაც სამუშაოების შესრულებაზე პრობლემაა შექმნილი]
  2. დაახლოებით, რამდენი მილიონი ლარის ამოღება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ?
  3. თუ შეგიძლიათ მოგვწეროთ იმ კომპანიების ვინაობა და კონტრაქტების ღირებულება [პროექტების მიხედვით], სადაც სამუშაოები ვერ შესრულდა.
  4. დღეისათვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან/და მგფ რამდენ კომპანიასთან არიან დავაში აღნიშნული მიზეზით? თუ შეგიძლიათ, დავის ღირებულებაც მოგვწეროთ.

შეგახსენებთ: სამშენებლო სექტორთან შეხვედრებისა და კონსულტაციის შედეგად, შეჯერებულ იქნა „თეთრი სიის“ ახალი მოდელი, რომლის თანახმადაც, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში 2026 წელს შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის გარანტიას; 2027 წელს – 70%-ის ოდენობის გარანტიას; 2028 წელს – 80%-ის ოდენობის გარანტიას. 2029 წლიდან კი, ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს „თეთრ სიაში“ რეგისტრაციის კრიტერიუმებს. ასევე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, განისაზღვრება ის გამარტივებული პროცედურები (შეღავათი), რომლითაც „თეთრ სიაში“ რეგისტრირებული კომპანიები ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები