ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უნდა მიეღო. ამის შესახებ მან ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში ( ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია. დღეს, დილიდან სკოლის პედაგოგები და მშობლები ამ გადაწყვეტილებას სკოლის შენობასთან აპროტესტებდნენ, მათთვის გაუგებარია რატომ არ შეჩერდა სასწავლო პროცესი, სასწავლო წლის დაწყებამდე.
მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც უწყებამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და, როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.
























