გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე ამბობს, რომ გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნულ ლევან ქარუმიძეს არ იცნობს. დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააგენტოს დაფუძნებამდე კერძო სექტორიდან დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელის შერჩევის კრიტერიუმები არ განუხილავთ.
“საერთოდ არ ვიცნობ აღნიშნულ პიროვნებას. დეპარტამენტის შექმნას რომ აპირებდნენ რამდენიმე ასოციაციასთან ჰქონდათ შეხვედრა და კონსულტაციები გაიარეს, მაგრამ ვის დანიშნავდნენ - ამ საკითხზე საერთოდ არ გვისაუბრია”, - განუცხადა BMG-ის ქეთი კვიჭიძემ და დასძინა: “ალბათ, დაგვიძახებენ და გავიცნობთ ამ ადამიანს”.
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ისურვებდა, რომ ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელი ამ მიმართულებაში მცოდნე პიროვნება ყოფილიყო. , თუმცა ქეთი კვიჭიძე იმასაც ამბობს, რომ ლევან ქარუმიძის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ის მიიჩნევს, რომ სააგენტოს მუშაობის პროცესში დარგის წარმომადგენლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები.
“მნიშვნელოვანი იქნებოდა სააგენტოს ხელმძღვანელი მცოდნე ყოფილიყო. თუმცა ზოგადად კარგი მენეჯერი თუ არის ადამიანი, იმის მომხრე ვარ, რომ კარგად დაამენეჯმენტოს ყველაფერი და ისე შეკრავს პროექტს და პროდუქციას, რომ წარმატებული იყოს. დაველოდოთ, არ ვიცი ამ პიროვნების შესახებ - რა გაუკეთებია… მარტო გასტრონომიის მხრივ არა, ზოგადად, სხვა პროექტები თუ ჰქონია, რამდენად წარმატებული პიროვნებაა, ვაცადოთ... მაგრამ ისე, დარგის სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულები თუ რა პრობლემებია ამ მიმართულებით”, - განაცხადა კვიჭიძემ.
BM.GE-მ დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენელს ისიც ჰკითხა - რა რეკომენდაციას მისცემდა გასტრონომიის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, რაზედაც ქეთი კვიჭიძემ გვიპასუხა, რომ ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი მორიგ ჯერზე დაფუძნებული სააგენტო.
“პირველ რიგში ქართული, ადგილობრივი პროდუქტების განვითარება უნდა დაიწყოს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ის არის რომ ამ ეტაპზე პროდუქცია არ გვაქვს - ადგილობრივ, ნორმალურ პროდუქტს ვერ ნახავ, თუ გვაქვს პრეტენზია გასტრონომიის განვითარებაზე პროდუქცია არ გვაქვს. კი ბატონო, პროდუქტის ხარისხზე, რეალურად სურსათის უვნებლობის სააგენტო მუშაობს, და ამავე დროს ამ პროდუქტების დაცვა და კვლევაც მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება თუ სააგენტო ნორმალურად იმუშავებს, მთავარია როგორც ხდება ხოლმე, რაღაც მორიგი სააგენტოს არ დარჩეს, რომელიც შეიქმნა”, - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი სსიპ-ის – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
ლევან ქარუმიძე პროფესიით ფილოსოფოსია. 2009 წელს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის 2020-2024 წლებში X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ამავე პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიც იყო.
ბოლოს ლევან ქარუმიძე განათლების სამინისტროში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2025 წელს კი ქარუმიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.




























