2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაზით ახალი საბიუჯეტო კოდი ჩნდება - "გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია". ახალი სტრუქტურის ბიუჯეტი 5 მილიონ 740 ათას ლარს შეადგენს, საშტატო რიცხოვნობა 65 თანამშრომლით განისაზღვრება, საიდანაც 3 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზეა გათვლილი.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა სტიქიების მონიტორინგი, ნარჩენების სეპარირება და ბიომრავალფეროვნება, თანხები აკლდება ან უცვლელი რჩება, გაუგებარია მილიონების გამოყოფა გასტრონომიის პოლიტიკის სამართავად.
"ეს პროგრამა წინა წლებში ნული ლარით იყო დაფინანსებული. რას ემსახურება წელს 5 მილიონ 740 ათასი ლარის გაჩენა? რას გააკეთებს 65 ახალი თანამშრომელი, საიდანაც 3 მილიონი ხელფასებში უნდა წავიდეს? რა არის გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და რატომ აღმოჩნდა ეს პროგრამა იმდენად პრიორიტეტული, როდესაც, მაგალითად, ნარჩენების სეპარირების ბიუჯეტი დიდად არ გაზრდილა და პრევენციისა და მონიტორინგის პროგრამაშიც არსებითი ცვლილება არ გვაქვს?" - მიმართა ფილფანმა მინისტრის მოადგილეს.
კრიტიკის საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტო (ისევე როგორც ახლად შექმნილი "ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების განვითარების სააგენტო") 2027 წლიდან სრულფასოვნად ამუშავდება და მისი ფუნქცია გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უბრალო ადმინისტრირება.
უწყების განმარტებით, გასტრონომიის სააგენტოს მთავარი მოდელი "ღვინის ეროვნული სააგენტოს" წარმატებული პრაქტიკაა.
"ამ სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია შესაბამის სფეროში კულტურული მემკვიდრეობის მოძიება, დაცვა, აღწერა, იურიდიული სტატუსისა და უფლებების დასაბუთება და სათანადო რეგისტრაციაა. ბუნებრივია, ეს მოითხოვს კვლევით სამუშაოებს, პროგრამულ დაფინანსებასა და საერთაშორისო პოპულარიზაციას. სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ღვინის ეროვნულ სააგენტოში, სადაც პოპულარიზაციის კამპანიებმა სექტორს დამაჯერებელი, დინამიკური შედეგები მოუტანა", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, სააგენტო შექმნის ქართული გასტრონომიის ერთიან ბეჭდურ და ციფრულ კატალოგს, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ბიზნესს.
"დარწმუნებული ვართ, რომ გასტრონომიის სააგენტო მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა იყოს აღწერილი და დაცული. ვგეგმავთ ერთიანი კატალოგის შექმნას. ამ ღონისძიებებს ექნება არამხოლოდ კულტურული დაცვითი ეფექტი, არამედ პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური გავლენა ტურიზმსა და HoReCa სექტორზე. 2027 წელი იქნება პირველი სრულფასოვანი ფუნქციონირების წელი და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს პირველადი შედეგები უკვე ხელშესახები გახდება", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 2026 წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებს. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
























