მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიების მონიტორინგის პროგრამაში ₾20 მილიონი აუთვისებელია - რას გეგმავს სამინისტრო ადრეული გაფრთხილების სისტემებისთვის?

სტიქიის მონიტორინგი

მიმდინარე 2026 წლის შვიდი თვის მონაცემებით, გარემოსდაცვითი პროგრამა "პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი“ წლიური გეგმის ნახევარზეც არ არის შესრულებული - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

"პროგრამა წლიური გეგმის მხოლოდ 41%-ზეა შესრულებული 7 თვის მონაცემებით და აუთვისებელია 20 მილიონი ლარი. აქ კონკრეტული კითხვა მაქვს: რამდენი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სადამკვირვებლო სადგური იყო დაგეგმილი 2026 წელს და რამდენი დამონტაჟდა რეალურად ივლისის ბოლოსთვის? ასევე, ციფრებში რა გეგმაა გაწერილი 2027 წლის ბიუჯეტში?“ - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მინისტრის მოადგილე, ზურაბ ეზუგბაიამ უპასუხა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ფინანსური დეფიციტი არ არსებობს. მისი განცხადებით, სისტემა გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ სენსორების ფიზიკური მონტაჟი.

"ამ მხრივ დაფინანსების პრობლემა ნამდვილად არ შეგვქმნია. ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 300-ზე მეტი სადგური და საგუშაგო (მათ შორის 200-ზე მეტი პირველადი დაკვირვების სადგური). მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ პირველადი დაკვირვება, არამედ მონაცემების შემდგომი გადამუშავება და ანალიტიკა, რომელიც ცენტრალიზებულად, თანამედროვე ციფრული პროგრამული პროდუქტებით უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს ქსელის ინტეგრაცია რეგიონულ და საერთაშორისო მეტეოსტრუქტურებში, ხოლო მოსახლეობის ინფორმირება უკვე მობილური აპლიკაციებისა და შეტყობინებების სისტემით ხდება.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კლიმატის ცვლილება დაკვირვების არეალის მუდმივ გაფართოებას მოითხოვს, ამიტომ პროცესი ვერასდროს იქნება "დასრულებული“ და ის 2027 წელსაც გაგრძელდება. მონიტორინგი პირველ რიგში ფოკუსირდება იმ ზონებზე, სადაც სტიქიური რისკები მეცნიერულად და პრაქტიკულად მაღალია.

მომდევნო წლიდან მონიტორინგის ინსტრუმენტებში ახალი ტექნოლოგიებიც ჩაერთვება:

"მეტეოდაკვირვების სადგურები გაერთიანებულია ერთიან ქსელში, რაც ცოცხალ რეჟიმში გვაძლევს მონაცემების მყისიერი დამუშავებისა და შეტყობინებად გარდასახვის საშუალებას. მომდევნო წელს გაგრძელდება კვლევები. ასევე ვგეგმავთ დრონების მეშვეობით აეროგადაღებების ჩატარებას, რაც დაკვირვების არეალებში კიდევ უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს.

გარდა ამისა, ფართოვდება გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ინფრასტრუქტურა - კერძოდ, ყალიბდება ქუთაისის ახალი ოფისი, სადაც დასავლეთ საქართველოსთვის მძლავრი მონიტორინგის პოტენციალი შეიქმნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები