გარემოს დაცვით პროგრამებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის მხოლოდ 21% მოდის, ათვისება კი ხშირად დაბალ ნიშნულზეა - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო პრიორიტეტები დისკუსიის საგანი გახდა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ვიკა ფილფანმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მთლიან ბიუჯეტში გარემოსდაცვითი მიმართულების მცირე წილსა და 2026 წლის პროგრამების დაბალ ათვისებაზე, რასაც მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ უპასუხა.
დეპუტატ ვიკა ფილფანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყების საერთო ბიუჯეტი იზრდება, გარემოსდაცვითი მიმართულება კვლავ მეორეხარისხოვან პოზიციაში რჩება, რასაც თან ერთვის საბიუჯეტო თანხების ათვისების დაბალი ტემპი.
"სამინისტროს 808 მილიონი ლარიდან გარემოსდაცვით პროგრამებზე – დაცული ტერიტორიები, ტყე, ველური ბუნება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება – მხოლოდ 172 მილიონი ლარი, ანუ 21% მოდიოდა. დარჩენილი რესურსი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებას ხმარდება, რაც, სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი პროგრამებისთვის კარგი მომავალი არ არის", - განაცხადა ფილფანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების პროგრამების შესრულების მაჩვენებლებზე.
"მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაში შვიდი თვის შესრულება წლიური გეგმის 26%-ზე იყო - 26 მილიონიდან მხოლოდ 6.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი საერთოდ ნულზე იყო, მაშინ როდესაც 2026 წელი ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების სეპარირების დასრულების წელი უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებების პროგრამა შვიდი თვის მონაცემებით 0.0%-იან შესრულებაზე იყო და თანხა, რაც 2026 წელს იყო გამოყოფილი, უცვლელად გადმოდის 2027 წელსაც", - აღნიშნა ფილფანმა.
დეპუტატის საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით საბიუჯეტო ზრდა თითქმის ყველა საქვეუწყებო ორგანიზაციას შეეხება, მათ შორის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სატყეო ეროვნულ სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოს. მისი განმარტებით, 2027 წლის ბიუჯეტის მოცულობას ახალი საკანონმდებლო ვალდებულებებიც განაპირობებს.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი კანონები, რომლებიც აფართოებენ ვალდებულებებს. ესენია, მაგალითად: "წყლის რესურსების მართვის შესახებ" და "სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონები, რომელთა დებულებების დიდი ნაწილი 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და განაპირობებს უკვე სრულყოფილ დაფინანსებას 2027 წელს. ასევე, სატყეო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გადამუშავების რეგულაციები და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა - სამეგრელოში, რაჭაში, ცივ-გომბორსა და კახეთში, რაც პირველ წლებში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სოლიდურ რესურსს მოითხოვს", - განმარტა ეზუგბაიამ.
მყარი ნარჩენების მართვის შეფერხებულ პროექტებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ გარკვეული შეფერხებები მართლაც იყო, თუმცა პროცესი დინამიკაშია.
"ორი თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარეობს სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. იყო გარკვეული პრობლემები, გამოწვეული მათ შორის კლიმატური პირობებითა და კონტრაქტორებთან ურთიერთობით, მაგრამ ეს სირთულეები დაძლეულია და საბოლოოდ ორივე ობიექტის ოპერირება 2027 წელს დაიწყება, რისთვისაც შესაბამისი დაფინანსება ასახულია. გარდა ამისა, მომდევნო წლიდან დაიწყება საპროექტო სამუშაოები სხვა რეგიონებში ცენტრალური ნაგავსაყრელების კონსოლიდაციის მიზნით", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ძველ ნაგავსაყრელებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. კერძოდ, რაჭაში ამოქმედდა თანამედროვე გადამტვირთავი სადგური, რის შედეგადაც რეგიონში ღია ნაგავსაყრელი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს - ეზუგბაიას თქმით, 2027 წლის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, დაიწყოს მუდმივი განთავსების ობიექტის მოწყობა, ხოლო დარიშხანშემცველი სახიფათო ნარჩენების მრავალწლიანი სარკოფაგის პროექტი 2027 წელს საბოლოოდ დასრულდება და ნარჩენები უსაფრთხოდ დაკონსერვდება.
























