მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალბათ იქნება [სტუმრის] კატეგორია, რომელსაც არ მოუნდება ჯავშნის გაკეთება" - "ბილტმორი" რუსთაველის რეაბილიტაციაზე

The Biltmore Tbilisi Hotel

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გავლენას The Biltmore Tbilisi Hotel-ში წინასწარ ვერ აფასებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მშენებლობის გამო სტუმრების ნაწილმა სასტუმროში განთავსებაზე უარი თქვას.

როგორც BM.GE-სთან სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა, სასტუმრო საჭიროების შემთხვევაში სტუმრების მიღებას თაბუკაშვილის ქუჩიდან შეძლებს და ალტერნატიულ შესასვლელს გამოიყენებს.

„ჩვენს შემთხვევაში ალტერნატიული შესასვლელი თაბუკაშვილის ქუჩიდან გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში სტუმრების მიღებას იქიდან შევძლებთ. თუმცა წინასწარ ძალიან რთულია იმის თქმა, რა გავლენა ექნება რეკონსტრუქციას. შესაძლოა, სტუმრების ნაწილს ასეთ პირობებში ჯავშნის გაკეთება აღარ მოუნდეს, თუმცა რეალურ სურათს მხოლოდ სამუშაოების დაწყების შემდეგ დავინახავთ“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

მისი თქმით, სასტუმრო მაქსიმალურად შეეცდება ახალ გარემოებას მოერგოს, თუმცა პროცესის შედეგების შეფასება ამ ეტაპზე ნაადრევია.

„ჩვენც მოგვიწევს ვითარებასთან ადაპტირება. თუ საჭირო გახდა, მთლიანად გადავერთვებით უკანა შესასვლელზე, თუმცა ახლა იმის თქმა, როგორ აისახება ეს დატვირთვაზე, რთულია“, – აღნიშნა მან.

ქუთათელაძის ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შესახებ ინფორმაცია ბიზნესს წინასწარ ჰქონდა, თუმცა უშუალოდ მას სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციები არ გაუვლია.

„ვიცოდით, რომ პროექტი იგეგმებოდა, თუმცა უშუალოდ ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა. არ გამოვრიცხავ, რომ კონსულტაციები მესაკუთრეებთან ან სხვა წარმომადგენლებთან ჰქონოდათ, თუმცა ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები