დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესი დაპირებისამებრ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ტერიტორიაზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი უკვე სრულად განახლებულია, ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
"როგორც მოსახლეობამ იცის, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეცვლილი და განახლებულია. უფრო მეტიც, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ამ მონაკვეთზე [რუსთაველის მეტროს მიმდებარედ] უკვე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს ტროტუარების ბუნებრივი ფილით მოპირკეთება. გარე განათების ახალი ქსელი სრულად დასრულდა; დასასრულს უახლოვდება ახალი გამწვანების თარგების მოწყობაც. მიმდინარეობს შუქნიშნის დგარების, გაჩერებებისა და ავტობუსის მოსაცდელების მონტაჟი.
მართლაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და როგორც დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, ამ თვის ბოლოს სამუშაოები უკვე დასრულებული გვექნება", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, პარალელურად სრულდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთებაც.
"გარდა მაგისა, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება, რომელიც ამავე პერიოდში დასრულდება. ბოლოს დარჩენილი გვექნება მხოლოდ მორეცხვითი სამუშაოები - მთლიანად დავასუფთავებთ გამზირს და მოსახლეობას გადაადგილებაზე შეფერხება აღარ ექნება", - აღნიშნა ბენდელიანმა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.
























