"მუხლი გადააკვალიფიცირეს ... ალეკო ელისაშვილს ედავებინა ტერორიზმს" - ამის შესახებ TVპირველთან ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 ნოემბერს პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, გამთენიას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა.
პოლიტიკოსისა და ყოფილი პარლამენტარის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარეობს ერთი სისხლის სამართლის საქმე საქართველოში და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ.
სისხლის სამართლის საქმე საქართველოში (2024 წ.):
- საქართველოს პროკურატურა მას ედავება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას. ელისაშვილი ამ ბრალდებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
საერთაშორისო ძებნა რუსეთის მიერ (2025 წ.):
- 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ძებნის მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
განახლება
მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




























