რუსი ბიზნესმენი, ალექსეი მილერი ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ის აღმასრულებელ დირექტორად კიდევ ერთხელ, 5 წლის ვადით აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე პირველად 2001 წელს, ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მილერი სანკტ-პეტერბურგში პუტინის მერობის წლებში მომავალი პრეზიდენტის გუნდის წევრი იყო და ქალაქის გამოწვევების გადაჭრაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ის Gazprom-ის ხელმძღვანელად სწორედ მას შემდეგ შეარჩია პუტინმა, რაც სახელმწიფომ კომპანია კერძო მფლობელისაგან გამოისყიდა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაზე სრული კონტროლი, მონოპოლია მოიპოვა. ცნობისთვის, წლების წინ მილერი Gazprom-ის შეფასების $1 ტრილიონამდე გაზრდასაც ვარაუდობდა, თუმცა დღესდღეობით მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $38.44 მილიარდამდეა შემცირებული. ანალიტიკოსების ნაწილი მოელოდა, რომ სწორედ ასეთი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პუტინს შესაძლოა სხვა კანდიდატურაზე შეეჩერებინა არჩევანი, თუმცა საბოლოოდ ენერგოგიგანტი კვლავ ახლო მოკავშირეს მიანდო.
სავარაუდოა, რომ Gazprom-ის შეფასების მკვეთრ ვარდნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომლის ფონზეც მთავარმა იმპორტიორმა მხარემ, ევროპის კონტინენტმა თითქმის სრულად შეწყვიტა რუსული გაზის შესყიდვა. ამჟამად, პარტნიორობა გრძელდება უნგრეთთან და სლოვაკეთთან, თუმცა მათ ამ კავშირების გაწყვეტა 2027 წლის მეორე ნახევრიდან მოუწევთ. შედარებისთვის, 2019 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის გერმანია, წლიურად 180 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობდნენ, 7 წლის თავზე კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერაა შემცირებულია და 18 მილიარდს აღარ სცდება.
ბოლო 4 წელიწადში Gazprom-ის ბუნებრივი აირის მიმართულების კაპიტალიზაცია იმდენად შემცირდა, რომ მასზე უკეთესი საბაზრო შეფასება ნავთობზე ორიენტირებულ მისსავე შვილობილს, Gazprom Neft-ს აქვს. სავარაუდოა, რომ მილერის მმართველობის 5 წლის გახანგრძლივება არავითარ რეალურ ცვლილებას არ მოიტანს, რადგან ის მთლიანად პუტინის მოთხოვნებს ემორჩილება და მისი სახელმწიფო კომპანიის წარმატებაც სწორედ კრემლის წარმატებაზე დამოკიდებული.




























