PET კაფსულების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, უახლოეს მომავალში სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლიკა დოლმაზაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
კომპანია „ალფა პეტი“ 2019 წლამდე რუსთავში ოპერირებდა, ხოლო 2019 წლის მიწურულს, კომპანიამ ლოკაცია შეიცვალა და ნატახტარში, კერძოდ მისაქციელში გადავიდა. კომპანიის ძირითადი საწარმოო ხაზი PET ბოთლებია, ბოთლი გაუბერავ მდგომარეობაში. ის არის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი წარმოება, რომელიც ქართულ ბაზარზე ისეთი გიგანტ მოთამაშეებს ამარაგებს, როგორიცაა „კოკა-კოლა“,“ბორჯომი“, „სნო“ „პეპსი“ ანუ ყველა ის კომპანია, რომელიც გაზირებულ და არაგაზირებულ სითხეს აწარმოებს.
გაყიდვების მენეჯერის ინფორმაციით, კომპანიის წარმადობა წლიურად 500 მლნ PET კაფსულას მოიცავს, რომლის 80% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 20% ექსპორტზე აზერბაიჯანში, სომხეთსა და ვლადიკავკაზში იყიდება. დოლმაზაშვილი დასძენს, რომ კომპანია კანადური ფირმა „ HUSKY”-ის მე-8 მანქანა დანადგარის შეძენას გეგმავს, რომელიც წარმადობას საგრძნობლად გაუზრდით და ახალი საექსპორტო ბაზრის დამატებაში დაეხმარებათ.
„ჩვენი PET კაფსულები 11 -გრამიდან 150 გრამამდეა. გარდა PET კაფსულისა, ვაწარმოებთ გაბერილ ბოთლებსაც, რომელსაც მომხმარებლის დიზაინით ვბერავთ.
ვგეგმავთ წარმადობის გაზრდას და კანადური ფირმა „ HUSKY”-ის მე-8 მანქანა დანადგარის შეძენას, რაც სიმძლავრეებს საგრძნობლად გაგვიზრდის. ეს კი საექსპორტო ბაზრების დამატებაში დაგვეხმარება. ახლა რეალურად ჩვენი წარმადობის 100%-ს ვყიდით, შესაბამისად ახალ ბაზრებს ვერ ვიმატებდით. ახალი დანადგარი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. გადაიარაღების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3 მლნ დოლარს შეადგენს.
ჯამში, დაახლოებით 77 ადამიანს ვასაქმებთ. საწარმოში დასაქმებული 15% ქალები არიან. მათთვის სპეციალურად, შესაბამისი ტექნიკა შევიძინეთ, რომელიც მათ ფიზიკურ დატვირთვას თავიდან აარიდებს“,- ამბობს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გარდა PET კაფსულისა, რძის პროდუქტების ჭიქასაც( IML ჭიქას) აწარმოებს, რომელიც კომპანიის დამხმარე ბიზნესია და მცირე რაოდენობით იწარმოება. .