მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალფა პეტმა“ რძის პროდუქტების ეკოკონტეინერების წარმოება დაიწყო - ინვესტიცია ₾5 მილიონია

61b32d7f0072f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.21 15:55
728
პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების მწარმოებელმა კომპანია „ალფა პეტმა“ რძის პროდუქტების ეკოლოგიურად სუფთა კონტეინერების წარმოება აამოქმედა, რომელის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარია.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ნანა ავალიანი აღნიშნავს, რომ IML ჭიქის წარმოება მაისში დაიწყო და პროექტი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა. მისი წლიური წარმადობა 20 მილიონამდე რძის პროდუქტების შესანახი კონტეინერია, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

„ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რძის პროდუქტების კონტეინერების წარმოება დავიწყეთ. პროექტი აქტიურ ფაზაში 2021 წლის დასაწყისში გადავიდა, რა დროსაც შვეიცარიული კომპანია „Kraussmaffei“-ის მანქანა დანადგარები შევიძინეთ, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ტარის მშრალი პრინტით სწრაფად და ხარისხიანად დამზადებაში გვეხმარება. საქართველოში ჩვენ მიერ წარმოებულ ტარის, იგივე IML ჭიქას (In-mold labeling) ანალოგი არ აქვს. ეს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგან საკვებად მისაღები ნედლეულისგან მზადდება. მაღალი გრადუსის პროდუქტის ჩასხმისას არ გამოჰყოფს კანცეროგენს, რაც ვიცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება პლასტმასის ხარისხის რეგულირება და ჩვენი პროდუქტი უკვე აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამ ეტაპისთვის „ალფა პეტში“ 3 სხვადასხვა გრამაჟის რძის პროდუქტების ტარა იწარმოება (450 გრ (95 მმ); 250 გრ (95 მმ); 450 გრ (117 მმ). სულ მალე დაგვემატება კიდევ 2 გრამაჟის პროდუქტი. ეს პროექტი ეტაპობრივად და ბაზრის მოთხოვნის პარალელურად გაფართოვდება“, - განმარტავს „ალფა-პეტის“ დირექტორი ანა ავალიანი.



აღსანიშნია, რომ რძის პროდუქტების შესანახი კონტეინერების საწარმოო ძირითადი მოცულობა ექსპორტზე იყო მიმართული, თუმცა დღეს კომპანიას ადგილობრივ მეწარმეებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.

„დღემდე ჩვენი წარმოების ახალი პროდუქტი სრულად ექსპორტზე - სომხეთში გადიოდა და ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ მცირე რაოდენობა რეალიზდებოდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მომდინარეობს მსხვილ მწარმოებლებთან და ამ მხრივ საიმედო პროგნოზები გვაქვს. საბედნიეროდ, რძის პროდუქტების მწარმოებლების ახალი პროექტები აქტიურად იკვეთება ჩვენს წარმოებასთან. ქართული ბაზარი ახლა ეცნობა ჩვენს პროდუქტს და ყველა კომპანია, არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის სიდიდეს აღნიშნავს, რომ ცალსახად ბაზარზე უკონკურენტოები ვართ, თუმცა ამ პროდუქტის ბაზარზე დანერგვას გარკვეული დრო სჭირდება ვინაიდან IML ჭიქის გამოყენებით რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმაც უნდა მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, რაც დროსა და დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.

ხარისხის გარდა, ადგილობრივი წარმოების კიდევ ერთი დადებითი მხარე დამკვეთისთვის ის არის, რომ ამ შემთხვევაში მას იმპორტში ტრანსპორტის ღირებულების გადახდა და დიდი რაოდენობის პროდუქტის დასაწყობება აღარ უწევს. ჩვენთან თანამშრომლობის დროს ეძლევათ საშუალება, შეკვეთები გააკეთონ უშუალოდ იმ პერიოდის საჭიროებიდან გამომდინარე“, - ამბობს ანა ავალიანი.



კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე იმპორტიორებული პროდუქტის ჩანაცვლება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

„დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პეტის ბოთლების ნახევარფაბრიკატებმა ჩაანაცვლა იმპორტი და ქვეყანაში აღნიშნული პროდუქტის შემოტანა მინიმუმამდე დავიდა, ასევე IML-ის ჭიქაც ხარისხით მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს ბაზარზე და შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც“, - აღნიშნა „ალფა პეტის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები