ისრაელური მედიის ინფორმაციით, ირანის „ექსპერტთა საბჭომ“ ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა.
მოჯთაბა ხამენეი ულტრაკონსერვატიული ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის მამის მსგავსად რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა, რაც გამოიხატება რეჟიმის მოწინააღმდეგეების სასტიკ ჩახშობაში ქვეყნის შიგნით და აგრესიული საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერაში. მოჯთაბა საშუალო რანგის სასულიერო პირია და თეოლოგიას ყუმის სემინარიაში ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონია ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა, ის წლების განმავლობაში ითვლებოდა მამის გარემოცვის „კარისმცველად“ და უმჭიდროესი კავშირი ჰქონდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“. სწორედ ამ ფარული გავლენის გამო, 2019 წელს აშშ-მა მას პერსონალური სანქციები დაუწესა, როგორც უზენაესი ლიდერის პირდაპირ წარმომადგენელს.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოჯთაბას არჩევა ირანისთვის სარისკო ნაბიჯია, რადგან ძალაუფლების გადაცემა მამიდან შვილზე 1979 წლის რევოლუციის იდეალების ღალატად და მონარქიის დაბრუნებად შეიძლება აღიქმას. გარდა ამისა, მას არ გააჩნია საკმარისი რელიგიური ავტორიტეტი ასეთი მაღალი პოსტისთვის. თუმცა, ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანული ელიტა მას წლების განმავლობაში განზრახ „მალავდა“ და საჯარო სივრციდან შორს ამყოფებდა, რათა გადამწყვეტ მომენტში მისი პიროვნება ერთადერთ სტაბილურ ალტერნატივად წარმოეჩინათ.
ირანული წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ალი ხამენეის პირადად არ დაუსახელებია კონკრეტული მემკვიდრე და ეს საკითხი 88-წევრიან საბჭოს მიანდო. თუმცა, მან დატოვა მკაფიო მითითებები მომავალი ლიდერის მახასიათებლებზე: ის უნდა იყოს მამაცი, სამართლიანი, მენეჯერული ნიჭით დაჯილდოებული და, რაც მთავარია, „ამერიკული ამპარტავნების“ წინააღმდეგ მებრძოლი. ისრაელის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ კენჭისყრის პროცესი ფინალურ სტადიაზეა და შედეგები ნებისმიერ წუთს შეიძლება გახდეს ცნობილი.
ბიოგრაფია
1969 წელს დაბადებული, 56 წლის მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეი, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მეორე ვაჟია. ის ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა თეოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, თუმცა ჩრდილში მყოფ ფიგურად. იგი მაშჰადში დაიბადა და რელიგიური განათლება მამისა და ისეთი ცნობილი აიათოლების მეთვალყურეობით მიიღო, როგორიცაა მაჰმუდ ჰაშემი შაჰრუდი. მოჯთაბა 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ყუმის სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის სწავლება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს დაუკავებია ოფიციალური სახელმწიფო პოსტი, იგი მიიჩნეოდა მამის „კარისმცველად“, რომელიც აკონტროლებდა წვდომას უზენაეს ლიდერთან და კურირებდა რეჟიმის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ და უსაფრთხოების საკითხებს.
მისი პოლიტიკური აღზევება განსაკუთრებით თვალსაჩინო 2005 და 2009 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს გახდა, როდესაც მან მხარი დაუჭირა მაჰმუდ აჰმადინეჟადს. ოპოზიციური ძალები და საერთაშორისო დამკვირვებლები მოჯთაბას ადანაშაულებდნენ 2009 წლის არჩევნების გაყალბების ორგანიზებასა და შემდგომი ანტისამთავრობო პროტესტის სისხლიან ჩახშობაში. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა გასამხედროებულ დაჯგუფება „ბასიჯს“, რომელმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები განახორციელა. ამ როლისა და მისი მზარდი გავლენის გამო, 2019 წელს აშშ-მა მას სანქციები დაუწესა, როგორც პირს, რომელიც მამის სახელით ქვეყნის დესტაბილიზაციასა და რეპრესიებს უწყობდა ხელს.
უკანასკნელ წლებში მოჯთაბა ხამენეის სახელი არაერთ ფინანსურ სკანდალსა და საიდუმლო ქსელებს დაუკავშირდა. Bloomberg-ის 2026 წლის გამოძიების თანახმად, იგი აკონტროლებდა ოფშორულ ფინანსურ იმპერიას, რომელიც მოიცავდა ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ლონდონსა და დუბაიში, ასევე აქტივებს ევროპულ საბანკო და სასტუმრო სექტორებში. ამავე ცნობებით, 2025-2026 წლების პროტესტის ფონზე, მან ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა გადარიცხა საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი ლიდერის პოსტზე მემკვიდრეობითი მმართველობის დამკვიდრების შიშს იწვევს, ისრაელისა და დასავლური დაზვერვის ვარაუდით, იგი რეჟიმის ერთადერთი იმედია სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რადგან მას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სრული მხარდაჭერა აქვს.




























