მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალი უზდენოვთან ერთად გავმართე შეხვედრები” - დავით ხიდაშელი

6267d39274824
BM.GE
26.04.22 15:27
1569
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც რუსული კორპორაცია AFK Sistema-ს ერთ-ერთ კომპანია Intracom-ს მართავს, ადასტურებს, რომ ის და ალი უზდენოვი, რომელიც AFK Sistema-ს მმართველი პარტნიორია, ხორბლის იმპორტის საკითხზე საქართველოში შეხვედრები გამართეს, თუმცა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ შეხვედრებს შორის არ ყოფილა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

სრულიად განსხვავებულია თავად AFK Sistema-ს დამფუძნებლის, სანქცირებული რუსი ოლიგარქის განცხადება, რომელმაც დღეს ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში თქვა, რომ ალი უზდენოვმა მართლაც გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

“ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა,”- განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ვლადიმერ ევტუშენკოვის პასუხი tv "ფორმულას":

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა.

არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - "ფორმულას" განუცხადა ვლადიმირ ევტუშენკოვმა.

ორივე განცხადება თავიანთი დეტალების მიუხედავად მეტყველებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჰოლდინგი საქართველოში ხორბლის ექსპორტის შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს.