მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ALIBABA-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა

6422dea65d499
გიორგი თოლორდავა
28.03.23 16:41
2983
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეებია - სწორედ დღეს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ Alibaba-ს $220-მილიარდიანი ჰოლდინგი 6 დამოუკიდებელ ნაწილად იშლება.

Alibaba-დან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ.

თავად Alibaba მხოლოდ მშობელი კომპანიის სიმბოლურ ფუნქციას შეასრულებს და მას ისევ დანიელ ჟანგი გაუძღვება. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში Alibaba ნამდვილ გიგანტად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა იმდენად დიდი, ჩახლართული და კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანად მართვა ერთი მენეჯმენტის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც უმჯობესია, რომ ჰოლდინგი შედარებით მცირე ნაწილებად დაიშალოს და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის გამოცდილი გუნდი სტარტაპულ ფილოსოფიაზე გადაერთოს, რაც მოქნილობას, სწრაფ განვითარებას და ინოვაციურობას გულისხმობს.

საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია იმ კომპანიებს სახელწოდება, რომლებიც Alibaba-ს გამოეყოფიან, მათ შორისაა: Cloud-სერვისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე კონცენტრირებული Cloud Intelligence Group-ი; საცალო ვაჭრობაზე ფოკუსირებული Taobao Commerce Group-ი; ჩინეთის მასშტაბით დისტრიბუციის მიმართულებით მომუშავე Local Services Group-ი; აგრეთვე ლოგისტიკური Smart Logistics Group-ი; მედიაზე კონცენტრირებული Digital Media and Enertrainment Group-ი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ელექტრონული კომერციის პლატფორმის მქონე Digital Commerce Group-ი, რომელიც Alibaba-სა და Aliexpress-ის პლატფორმებს გააერთიანებს.

მსგავსი მასშტაბის რესტრუქტურიზაცია ჩინეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა და ის, შესაძლოა, Alibaba-ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უკავშირდებოდეს. მოგეხსენებათ, ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო Alibaba-ს მონოპოლიურ პრაქტიკაში ადანაშაულებს, რაც სწორედ ჰოლდინგის კოლოსალური ზომითაა განპირობებული.

Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 220 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ჰოლდინგი მსოფლიოს მასშტაბით 240,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. ბუნებრივია, ასეთი ზომის კომპანიის მართვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც Cloud-სერვისების დეპარტამენტს საცალო ვაჭრობისა თუ დისტრიბუციის დეპარტამენტებთან თითქმის არანაირი შეხებაც კი არ აქვს.

ექსპერტების შეფასებით, Alibaba-ს დაშლა სწორედ ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტების მიმართა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, რადგან ასეთი მასშტაბისა და რესურსების მქონე კომპანიის გაკონტროლება გაცილებით რთულია, ვიდრე შედარებით მცირე ზომის. მაგალითად, Alibaba მსოფლიოს მასშტაბით 270 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს, ჩინეთში კი Alibaba-ს საკუთარი ქალაქები, დასახლებები, საწყობები და ქარხნები აქვს, რაც მას არა მარტო მნიშვნელოვან ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ძალადაც აქცევს.

გარდა Alibaba-ს გარშემო არსებული სიახლეებისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანიის დამფუძნებელი და პოლიტიკური დევნილი, ჯეკ მა ჩინეთს დაუბრუნდა. სწორედ გუშინ იგი მშობლიური ჰანჟოუს ერთ-ერთ სკოლაში დააფიქსირეს, სადაც მილიარდერი მეწარმე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

თითქმის ერთწლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ, ჯეკ მას ჩინეთში დაბრუნდება, შესაძლოა, სწორედ Alibaba-ს დაშლასთან იყოს დაკავშირებული.

ცნობისთვის, ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.

ჯეკ მას მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიის დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მან საჯარო კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო გააკრიტიკა და მათ პოლიტიკას „შემზღუდავი“ უწოდა.

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება უნდა ყოფილიყო, ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა. მის შემდეგ, მისი კომპანიების წინააღმდეგ აღიძრა არაერთი საქმე და დაიწყო მრავალწლიანი საგამოძიებო პროცესი, რომლის ფარგლებში მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

მთავრობისგან მომავალი მზარდი ზეწოლის ფონზე კი, ჯეკ მას ჩინეთის დატოვება და საჯარო ცხოვრებაზე უარის თქმაც მოუწია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები