ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Alibaba-ს გარშემო მორიგი არასასიამოვნო სიახლეები ისმის. როგორც ირკვევა, კომპანია აღარ აპირებს მისი Cloud დეპარტამენტის ცალკე გამოყოფას და მის დამოუკიდებელ ორგანიზაციად დაფუძნებას, რასაც ინვესტორები ნეგატიურად სიახლედ იღებენ და სწორედ ამიტომ Alibaba-ს კაპიტალიზაცია ერთ კვირაში 20 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამჟამად კომპანიის საბაზრო შეფასება $200 მილიარდს შეადგენს, რაც პიკურ $850-მილიარდიან კაპიტალიზაციასთან შედარებით 76%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
Alibaba Cloud-ის დამოუკიდებელ კომპანიად დაფუძნება ჰოლდინგისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან შვილობილი კომპანიის საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დალისტვა ინვესტორებს მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემდა, თავად Alibaba კი უფრო სწრაფი ტემპით შეძლებდა განვითარებას, თუმცა საქმე ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო.
რეალურად, ყველაფერი ჩინეთის მთავრობას და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის დასჯის მიზნით, ამერიკამ ჩინურ კომპანიებს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელიც განსაკუთრებით ურტყამს ტექნოლოგიურ სექტორს და Cloud მიმართულებას. სწორედ ამიტომ, Alibaba-ს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ასეთ ვითარებაში კომპანიას დამოუკიდებლად განვითარება გაუჭირდება და ისევ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ უნდა დარჩეს.
სად არის და რას აკეთებს Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა?
როგორც ვიცით, Alibaba-ს კაპიტალიზაციის $20-მილიარდიანი ვარდნის ფონზე, ჯეკ მას ქონების შეფასება დამატებით $700 მილიონით შემცირდა და ის ამჟამად $29 მილიარდს შეადგენს. ჯეკ მას ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ჩინელი მეწარმე სამშობლოში იმყოფება და ის ისევ დარწმუნებულია Alibaba-ს წარმატებაში და მისთვის განვითარების გეგმების დროებით გადადება დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს.
ზოგადად, ჯეკ მა ბოლო დროს განსაკუთრებით შეეჩვია იმედგაცრუებას, ამიტომ Alibaba Cloud-ის IPO-ს გადადება მისთვის ნამდვილად არ არის დიდი ამბავი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის მთავრობამ მას Ant Group-ის IPO დაუბლოკა, რომელიც საერთოდაც კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილესი საჯარო დებიუტი უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ჯეკ მას ამჟამინდელ საქმიანობას, ის მსოფლიოს მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს და დამწყებ მეწარმეებს თავისი წარმატების ფორმულას უზიარებს. ჯეკ მას სალექციო კურსები მეწარმეობას, მენეჯმენტს, მდგრად განვითარებას და სოფლის მეურნეობას ეხება და მისი მოსმენის პრივილეგია ტოკიოს უნივერსიტეტის, ჰონგ-კონგის კოლეჯისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებს აქვთ.
ჯეკ მას ისტორია
ერთ დროს, ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის მწვავე პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.
რეალურად, ჯეკ მას დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე ის 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.
ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადაწყვეტილიყო.
ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა.
ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება დაბლოკა, რომელიც ჯეკ მას მიერ დაფუძნებულ Ant Group-ს უკავშირდებოდა.
ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელი იყო.
სიტყვით გამოსვლიდან მალე ჯეკ მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდა.
მართალია, მრავალწლიანი დევნის შემდეგ ის მშობლიურ ჩინეთს დაუბრუნდა, თუმცა ის ძველი ჯეკ მა ვეღარ არის, ამას კი ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო დროის განმავლობაში ის საჯაროდ სიტყვით ერთხელაც კი არ გამოსულა, არადა, ერთ დროს, ის ყველაზე ხმამაღალი ადამიანი იყო, ვინც კი ჩინეთში ოდესმე დაბადებულა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.