მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba სტამბოლის აეროპორტში ლოგისტიკურ ჰაბს მოაწყობს - ინვესტიცია $1 მლრდ-ია

63bbd3a04e7ad
გიორგი არონია
09.01.23 13:36
1268
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Alibaba Group Holding-ი თურქეთის სტამბოლის აეროპორტში ლოგისტიკურ ჰაბს, ხოლო ანკარასთან მდებარე ქალაქ ტემელიში მონაცემთა ცენტრს მოაწყობს - ჯამური ინვესტიცია, $1 მილიარდს აღემატება, - ამის შესახებ Alibaba-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ევანსმა თურქულ გამოცემასთან, Sabah-თან საუბრისას განაცხადა.

“სტამბოლის აეროპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საინვესტიციო გეგმები გვაქვს - აქედან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით ელექტრონული კომერციის ექსპორტის შეფასებას შევძლებთ“, - აღნიშნავს მაიკლ ევანსი და დასძენს, რომ ინდუსტრიული წარმოების პოტენციალით თურქეთი მსოფლიოს ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა. როგორც ირკვევა, თურქეთში ინფრასტრუქტურისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებით და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, Alibaba Group-ი შემოსავლის გაზრდას გეგმავს.

ცნობისთვის, Alibaba Group-ის მიერ თურქეთში გააქტიურება მოულოდნელი არ არის, რადგან ჩინური კონგლომერატი თურქეთის მთავარი ონლაინმაღაზიის, Trendyol-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ჩინური ინვესტიციის დახმარებით, Trendyol-ი თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა და "დეკაკორნის", ანუ $10 მილიარდზე მეტად შეფასებული კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტული მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს Trendyol-ი განსაკუთრებით პოპულარულ პლატფორმად იქცა საქართველოშიც: შემოსავლების სამსახურის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ ათ თვეში თურქეთიდან განუბაჟებელი, ანუ სამას ლარამდე ღირებულების საქონლის ონლაინგამოწერებით შემოსული ამანათების რაოდენობა 2021 წლის ჯამურ მონაცემებს ხუთჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები