აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ამის შესახებ ალიევმა 6 იანვარს ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
“პროკურატურის სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა ქალაქ გროზნოსა და აქტაუში, სადაც მათ ოპერატიული სამუშაოები ჩაატარეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს წინასწარი მონაცემები. ბუნებრივია, გამოძიების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანულ საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ მომენტზე, რომელიც 29 დეკემბერს აღვნიშნე: ქალაქ გროზნოში გამოცხადდა საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს”, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“როგორც წესი, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ის მაშინვე იკეტება. ეს ეხება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა სახელები აქვს. რუსეთში ამას ეწოდება ოპერაცია „ხალიჩა“. თუ რუსეთის საჰაერო სივრცეს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავის კაპიტანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა, საჰაერო სივრცე სასწრაფოდ უნდა დაეხურათ და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მსგავსი შემთხვევა ქალაქ გროზნოსთან მოხდა. AZAL-ის კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან გაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება გამოავლენს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფუძნება სიმართლეს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გააკრიტიკა ავიაკატასტროფის შემდეგ ინციდენტის მიზეზების „შენიღბვის“ გამოც.
„რუსეთის სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ინციდენტის შენიღბვა და აბსურდულ თეორიებზე ფოკუსირება იწვევს გაოცებას, სინანულსა და სამართლიან აღშფოთებას… უდანაშაულო ხალხი დაიღუპა“.
მანამდე ალიევი აცხადებდა, რომ ერთ-ერთი დეტალი, რომელმაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ააღელვა და გააკვირვა, იყო ის, რომ „რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა წარადგინეს რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსია. ეს ღიად მიანიშნებდა, რომ რუსეთის მხარეს საკითხის მიჩუმათება სურს, რაც, ცხადია, არავის წარმოაჩენს ღირსეულად“.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან.თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ კურსიდან გადაუხვია მას შემდეგ, რაც ის, ძირითადი ვერსიით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლში მოხვდა.
თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი იყო აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 - ყირგიზეთის მოქალაქე.