მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი

აზერბაიჯანმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა გააფორმეს.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას პატივს სცემენ და მუდმივად დაიცავენ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აზერბაიჯანი და გაერთიანებული სამეფო რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებასა და საერთო საფრთხეებზე ერთობლივ რეაგირებაზე იზრუნებენ. მხარეები მაღალი დონის კოორდინაციას გააღრმავებენ და სამხედრო მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავსებადობის მიმართულებით ითანამშრომლებენ.

დეკლარაცია ასევე სამართალდამცავი უწყებების პარტნიორობას, საზღვრების მართვასა და სასამართლო-სამართლებრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯები კანონის უზენაესობასა და ინსტიტუციურ მდგრადობას გაამყარებს, ხოლო საერთაშორისო ფორუმებზე ორივე ქვეყანა საერთო ინტერესების დასაცავად კოორდინირებულად იმოქმედებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, მხარეები ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და ენერგეტიკის სექტორებში სავაჭრო-საინვესტიციო კავშირების გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებენ. განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ დაკავშირებადობას დაეთმობა.

ამ მიმართულებით ბაქო და ლონდონი შუა დერეფნის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის პროექტებს დაუჭერენ მხარს.

ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატური მდგრადობის გასაძლიერებლად, ქვეყნები განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე, მწვანე ფინანსებსა და დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებზე ითანამშრომლებენ.

პარალელურად, შესაბამისი უწყებები და ფინანსური ინსტიტუტები კაპიტალის ბაზრების გაღრმავებაზე, სავაჭრო დაფინანსებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე იმუშავებენ.

ამ ინიციატივებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მთავარ პლატფორმად კი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია განისაზღვრება.

განათლებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობა უმაღლეს და პროფესიულ განათლებას, ციფრული უნარების განვითარებასა და საჯარო მოხელეთა გადამზადებას მოიცავს. უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და ინდუსტრიის წარმომადგენლები გაციფრულების, ახალი ტექნოლოგიებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ.

ამასთან, მხარეები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის საკითხებზე გამოცდილებას გაცვლიან და ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პროფესიულ და კულტურულ კავშირებს წაახალისებენ.

ცნობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ეს დეკლარაცია აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1994 წლის 23 თებერვალს გაფორმებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის დეკლარაციასა და 1998 წლის 21 ივლისის მეგობრული ურთიერთობებისა და პარტნიორობის დეკლარაციას ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები