აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება კიდეც, სომხეთი კი არ უნდა წარმოადგენდეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გეოგრაფიულ ბარიერს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში და ხელი არ შეგვიშალონ. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება კიდეც. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას, მით უკეთესი“, - დასძინა ილჰამ ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაში სოროსის ეპოქა დასრულდა და ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სოროსის სტილში იმართებოდა. მისივე თქმით, სოროსელები კარგავენ პოზიციებს და ეს სომხეთის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.
ზანგეზურის დერეფანი სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციაა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, აზერბაიჯანს დაუბრკოლებელი წვდომა ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხური საგუშაგოების გარეშე.