მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალმამ" "კრაკენში" 75%-იანი წილი გაყიდა - როგორია კრეატიული სააგენტოს გეგმები?

kraken

გარე რეკლამების კომპანია "ალმამ" კრეატიულ სააგენტო "კრაკენში" კუთვნილი 75%-იანი წილი გაყიდა. ამიერიდან სააგენტოს სრულ მენეჯმენტს მისი დამფუძნებელი, გიორგი კონტუაძე გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაცია თავად კონტუაძემ გაავრცელა.

"კომპანია "ალმასთან" ერთად ბიზნესის კეთება საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა ჩვენი საერთო თავგადასავალი დასრულდა. წილი, რომელიც "ალმას" "კრაკენში" ჰქონდა, სრულად გამოვისყიდე.

წინ დიდი გეგმები, საინტერესო კოლაბორაციები და ახალი პროექტებია!" - დაწერა "კრაკენის" დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში.

კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე სასაუბროდ BM.GE გიორგი კონტუაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, "კრაკენი" და "ალმა" 2021 წელს დაპარტნიორდნენ, რის შემდეგაც ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელეს, რაც სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

"ჩვენი პარტნიორობის მიზანი თავიდანვე ერთობლივი სინერგიის შექმნა იყო. ამ დროის განმავლობაში ერთად არაერთი კამპანია და კომუნიკაცია დავგეგმეთ, მათ შორის არის გარე რეკლამაში განთავსებული მრავალი საინტერესო პრინტი და აქტივობა. კრეატიულ ინდუსტრიაში მყოფი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერა; ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც "ალმას" ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის", - ამბობს კონტუაძე.

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სააგენტო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს, სადაც მთავარი აქცენტი გაზომვად შედეგებსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე გაკეთდება. დამფუძნებლის განმარტებით, დღეს ბაზარი სააგენტოებისგან უფრო მეტ პრაგმატულობას მოითხოვს:

"უახლოეს პერიოდში ჩვენი განვითარების მთავარი ღერძი პერფორმანს მარკეტინგი იქნება, რომელიც დღევანდელი მარკეტინგისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს მხოლოდ ლამაზი ვიდეოები და ვიზუალები აღარ არის საკმარისი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ შედეგებს და მათ კონტროლს. საბოლოო ჯამში, ბიზნესი სააგენტოს მუშაობას სწორედ შედეგებით აფასებს და ჩვენი მიზანია, თითოეული პარტნიორისთვის სანდო და ეფექტური პარტნიორები ვიყოთ", - ამბობს "კრაკენის" დამფუძნებელი.

მისივე შეფასებით, ახალი სტრატეგიის განხორციელება სააგენტოს კონკურენტულ გარემოში მოუწევს. ქართული კრეატიული ბაზარი ბოლო წლებში დინამიკურად იზრდება, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამწვავებს. გიორგი კონტუაძე მიიჩნევს, რომ ამ პირობებში თავის დამკვიდრების საუკეთესო გზა დაპირებების პირნათლად შესრულებაა:

"სარეკლამო ინდუსტრიაში ძალიან დიდი კონკურენციაა, ბაზარზე უამრავი ძლიერი სააგენტო ოპერირებს და მათ ფონზე გამორჩეული იყო, მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა, "კრაკენი" უკვე ბევრი წელია, რაც თითქმის ყველა მიმართულებით წამყვან პოზიციებს იკავებს. ვფიქრობ, კონკრეტული, გაზომვადი შედეგები არის ის მთავარი დაპირება, რასაც კომპანიებს ამ კონკურენტულ გარემოში, სხვა სააგენტოებთან შედარებით, ვთავაზობთ", - ამბობს კონტუაძე.

კონკურენციის პარალელურად, იცვლება თავად დამკვეთების დამოკიდებულებაც მარკეტინგული დანახარჯების მიმართ. გიორგი კონტუაძის თქმით, ბიზნეს სექტორი სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ კომუნიკაცია არა ფუფუნება, არამედ აუცილებელი საინვესტიციო ინსტრუმენტია.

"რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კომპანია აანალიზებს მარკეტინგის საჭიროებას. ბრენდები ხვდებიან, რომ მარკეტინგი არ არის ფუფუნება - იგი ბიზნესის აუცილებელი ნაწილია და ამ მიმართულებით მუდმივ ინვესტირებას მოითხოვს. შესაბამისად, ინდუსტრია მზარდია და ბრენდების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მათ მიერ გამოყოფილი სარეკლამო ბიუჯეტებიც იზრდება", - ამბობს ის.

ბიუჯეტების ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში დგება მათი რაციონალური გადანაწილება სხვადასხვა მედიაარხებს შორის. როგორც კონტუაძე განმარტავს, რეკლამისთვის ტრადიციული და ციფრული მედიის თანაფარდობა საქართველოში დიდწილად კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკით განისაზღვრება.

"კამპანიების ბიუჯეტების განაწილება განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სექტორშია წარმოდგენილი კომპანია. მაგალითად, თუ სამშენებლო ბიზნესზე ვსაუბრობთ, აქ ბიუჯეტის დიდი წილი გარე რეკლამაზე მოდის, რადგან კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ცნობადობის ეტაპი. ამავდროულად, სატელევიზიო განთავსებები თითქმის ყველა ინდუსტრიისთვის მცირდება და იზრდება ბიუჯეტის კონცენტრაცია ციფრულ მიმართულებაზე. ჩვენი რეკომენდაციები ბიუჯეტის გადანაწილებისას, ცხადია, თავად ბრენდზე, მის საჭიროებებსა და სამიზნე აუდიტორიაზეა მორგებული. ყველა პლატფორმას თავისი აუდიტორია ჰყავს და საჭიროა მათი სწორად გამოყენება", - ამბობს "კრაკენის" დამფუძნებელი.

გიორგი კონტუაძემ BM.GE-სთან ინდუსტრიის გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ადამიანური კაპიტალის მოძიება და შენარჩუნება რჩება, თუმცა სფერო ახალ, ნიჭიერ ადამიანებს მუდმივად იმატებს.

"ეს პირველ რიგში ადამიანების ბიზნესია - ინტელექტუალური რესურსი ქმნის ყველაფერ იმას, რასაც ვაკეთებთ. ამიტომ, ამ ადამიანების შენარჩუნება ჩვენს არასტაბილურ ბიზნეს გარემოში ძალიან დიდი გამოწვევაა. კადრების გადინების საკითხი ჩვენს ინდუსტრიას ყოველთვის აწუხებდა. თუმცა, კრეატიული სექტორი მუდმივად ვითარდება და მასში ბევრი ახალგაზრდა შემოდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ნიჭიერი ახალგაზრდების დროული აღმოჩენა და მათი პროფესიული გაზრდა. "კრაკენი" ყოველთვის იყო ადგილი, რომელიც ძალიან ნიჭიერ და წარმატებულ პროფესიონალებს ზრდიდა", - ამბობს კონტუაძე.

ადგილობრივი ნიჭიერი კადრების ბაზაზე შექმნილ პროდუქტს კი, კონტუაძის ხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლისა და კრეატიული სერვისების ექსპორტის რეალური პოტენციალი აქვს:

"ქართული კრეატივი უკვე დიდი ხანია გასცდა ადგილობრივ ბაზარს და ექსპორტზე გავიდა - არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდებით ქართულ სააგენტოებს სცენაზე, დამსახურებული ჯილდოებით. თუმცა, ალბათ, ძალიან დიდი ფინანსური მდგრადობაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო კომპანიებს სათანადო კონკურენცია გაუწიო. რა თქმა უნდა, საკუთარი სერვისებით გლობალურ კლიენტებზე გასვლა ყველა ქართული სააგენტოს მიზანი და სურვილია.

ჩვენი ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით ძალიან ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანია. უკვე გვაქვს კარგი მაგალითები, რომ გაზრდილია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ფროდაქშენის მიმართულებით. შესრულების ხარისხით ქართული პროდუქტი არაფრით ჩამოუვარდება ევროპული სააგენტოების ნამუშევრებს, ზოგიერთ კრიტერიუმში კი შესაძლოა უკეთესიც კი იყოს", - განაცხადა გიორგი კონტუაძემ.

ცნობისთვის, კრეატიული სააგენტო "კრაკენი" 2014 წლიდან ოპერირებს და ბრენდინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, სარეკლამო კამპანიებისა და ციფრული კონტენტის მიმართულებებს აერთიანებს.

რაც შეეხება "ალმას", ის ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს და ამჟამად თბილისისა და ბათუმის გარე რეკლამების ლიცენზიატს წარმოადგენს. "ალმა ჯგუფი" 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სარეკლამო და მშენებლობის სფეროებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები