ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის გაუგებარია, რატომ დაუბრუნდა მმართველი ძალა „რუსული კანონის“ განხილვას მეორედ, როცა შარშან საზოგადოების პროტესტის შედეგად იძულებული გახდნენ, კანონპროექტი უკან გაეწვიათ.
„თუ ერთი წლის უკან არ მოსწონდა ხალხს, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ - რუსეთი უფრო დემოკრატიული გახდა?!“, - რიტორიკულ კითხვას სვამს ბიზნესმენი.
თემურ ჭყონიასაც არ სჯერა, რომ „რუსული კანონის“ მიღების მიზანი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობის მიღწევაა, რადგან ეს ამ კანონის გარეშეც არის შესაძლებელი.
ბიზნესმენის აზრით, „რუსული კანონის“ განხილვა, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაიწყო, უნდა შეწყდეს და ხელისუფლებამ „საზოგადოების მოთმინების გამოცდა უნდა დაასრულოს“.
- სათაური „რუსული კანონი“ იმდენად სერიოზულად მოერგო ამ პროცესს, მისი შინაარსი როგორც არ უნდა შეცვალონ ან ახალი დატვირთვა მისცენ, ხალხს არ აინტერესებს. გასულ წელს ვნახეთ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი სამართლიანი პროტესტი... საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს საკითხი და არაა აქტუალური საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ევროპაში ინტეგრაციისთვის. ევროპელი, უმაღლესი რანგი პოლიტიკოსები გვირჩევენ, არ მიიღოთ ეს კანონიო; ვინაიდან აუცილებლად გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ერთ რამეს უნდა მივხვდეთ - ევროპაში არსებული კანონებით უნდა ვიცხოვროთ და ყველა კანონი, რომელსაც მივიღებთ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. არ ვიცი, რა პოლიტიკური ცოდნაზე ან განათლებაზე მეტყველებს, საზოგადოების სურვილის წინააღმდეგ წასვლა და ჯიბრში ჩადგომა. ვერ წარმომედგინა, რომ იმ დათქმების და დაპირებების შემდეგ, რომ ხელისუფლება ამ კანონის განხილვას არ დაუბრუნდებოდა, კიდევ დაიწყებოდა ეს ვნებათაღელვა და ხალხის გამოცდა... ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითონ სიტყვა „რუსული კანონი“ ოდესმე მისაღები იქნება საქართველოსთვის?! გამორიცხულია. საქართველოს მოქალაქეები „რუსულ კანონს“ არ შეეგუებიან.
- რატომ ცდის ხელისუფლება ქართველი ხალხის მოთმინებას?
- ვერ მივხვდი, ეს რაში სჭირდებათ... ალოგიკურია, როცა საარჩევნო პერიოდია და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, საზოგადოების ნდობა და ხმები მოიპოვონ, პირიქით ხდება... რატომ ცდის <ხელისუფლლება საზოგადოებას> ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
- რამდენად მყარია მმართველი ძალის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ამ კანონის მიზანი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა?
- ის მიზეზი, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა, მყარად ვერ გამოიყურება, რადგან ამისთვის ასეთი კანონის მიღება აუცილებელი არაა - ეს შეიძლება, სხვა კანონებში ცვლილებების შეტანით და ამ გზით დავალდებულებით მოხერხდეს. მაგალითად, საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტები, კომპანიები ხომ ვაქვეყნებთ წლიურ ანგარიშგებას ანუ ანგარიშს ვაბარებთ სახელმწიფოს - რა შემოსვაალი მივიღეთ, რა ხარჯები გვქონდა, რა მოგება და ა.შ. შეიძლება, ზოგისთვის ჩვენი დეტალური ხარჯები საინტერესო არცაა, მაგრამ რადგან კანონი გვავალდებულებს, აღვასრულებთ. ანალოგიურად, შეიძლება, მარტივად მიღწევა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის. ვერ ვიგებ რა საჭიროა, საზოგადოების ჯიბრში დგომა?
- რას ურჩევდით მმართველ ძალას?
- პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ იმ ხალხს, ვინც ისინი აირჩია. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. მათი აზრი მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ეს საკითხი.
- ისევ უნდა გაიწვიონ „რუსული კანონი“?
- რა თქმა უნდა, რატომ უდგას ხელისუფლება ჯიბრში საქართველოს მოქალაქეებს?! პოლიტიკოსობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად გაუგებარი და მიუღებელი თემაა... თუ ერთი წლის უკან არ მოსწონდა ხალხს ეს კანონი, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ - რუსეთი უფრო დემოკრატიული გახდა? თუ უფრო ტოლერანტული? ან კიდევ ჩვენი მხარდამჭერი?! - იგივე სიტუაციაა, რაც შარშან - რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ომია უკრაინაში... დღეს მთავარ მიზანზე უნდა ვიფიქროთ და იმ ადამიანების ხმა მოვისმინოთ, რომელთაც უნდა განიხილონ და შეაფასონ, ცხრა პუნქტი შევასრულეთ თუ არა და მოგვეცემა თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საშუალება; საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, რადგან ამით ევროინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას საშიშროება ემუქრება და თუ არ დავუჯერებთ მათ, ხომ გვეტყვიან - ჩვენთან რა გინდათო?!
- #არარუსულკანონს - შარშან მახსოვს აქციებზე თქვენ სამოქალაქო პროტესტს გამოხატავდით. წელსაც ივლით?
- რა თქმა უნდა.
დღეიდან, პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყო. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო იქნება უცხოური ძალა და ეს შეიძლება იყოს აშშ-ის ევროკავშირის ფონდები და სხვა საერთაშორიისო დონორი ორგანიზაციები, მოუწევთ საჯარო რეესტრში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად თავისი ნებით დარეგისტრირდნენ.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას წელსაც მოუწოდებენ, არ მიიღონ „რუსული კანონი“, ვინაიდან საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს შეუშლის.