მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ერთი წლის წინ არ მოსწონდა ხალხს "რუსული კანონი", რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ?! - ბიზნესმენი

ბიზნესმენი

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ხელისუფლება მოუწოდებს, „რუსული კანონი“ კიდევ ერთხელ უკან გაიწვიოს. „ალოგიკურია, რატომ ცდის ხელისუფლება მოქალაქეების მოთმინებას“, - თქვა ბიზნესმენმა BMG-სთან თემის კომენტირებისას.

თემურ ჭყონიას არ სჯერა, რომ „რუსული კანონის“ მიღების მიზანი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობის მიღწევაა, რადგან ეს ამ კანონის გარეშეც არის შესაძლებელი.

„რატომ უდგას ხელისუფლება ჯიბრში საქართველოს მოქალაქეებს?! პოლიტიკოსობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად გაუგებარი და მიუღებელი თემაა... თუ ერთი წლის უკან არ მოსწონდა ხალხს ეს კანონი, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ - რუსეთი უფრო დემოკრატიული გახდა? თუ უფრო ტოლერანტული? ან კიდევ ჩვენი მხარდამჭერი?! - იგივე სიტუაციაა, რაც შარშან - რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ომია უკრაინაში... დღეს მთავარ მიზანზე უნდა ვიფიქროთ და იმ ადამიანების ხმა მოვისმინოთ, რომელთაც უნდა განიხილონ და შეაფასონ, ცხრა პუნქტი შევასრულეთ თუ არა და მოგვეცემა თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საშუალება; საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, რადგან ამით ევროინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას საშიშროება ემუქრება და თუ არ დავუჯერებთ მათ, ხომ გვეტყვიან - ჩვენთან რა გინდათო?!“, - აცხადებს ბიზნესმენი, რომელიც აპირებს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მისვლით გამოხატოს.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში, ხმაურის და პროტესტის ფონზე ჩატარდა. „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები