მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Altersocks.fr – წინდების ქართულმა მწარმოებელმა საფრანგეთში ონლაინ მაღაზია აამოქმედა

5fb6737d0beb7
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 09:40
1488
წინდების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია - „ალტერსოქსმა“ საფრანგეთში ექსპორტის განვითარების მიზნით ონლაინ გვერდი Altersocks.fr აამოქმედა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ვებგვერდი საფრანგეთში რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა. გადაწყვეტილება კომპანიამ პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო, რადგან ამ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე აქტივობა შეფერხდა.

„2019 წელი კომპანიისთვის ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან ბელარუსში გავხსენით ფილიალი. ამასთან ალტერსოქსის წინდები Amazon-ის მეშვეობითაც იყიდებოდა. წარმოების მხრივ ყველაფერი დალაგებულია და ჩვენი წინდების ხარისხიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისია, ამიტომ 2020 წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოება დავისახეთ მიზნად, თუმცა პანდემიამ ამაში ხელი შეგვიშალა.

გამოსავლის ძიებისას ჩვენს პარტნიორთან ერთად მივხვდით, რომ ფიზიკური მაღაზიების გახსნა ახლა რთული იქნებოდა, ამიტომ ონლაინ მაღაზია უნდა აგვემოქმედებინა. ზოგადად, პანდემიამ ელექტრონული კომერციის გააქტიურებას ხელი ძალიან შეუწყო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ბრენდი e-commerce-ის სახით გაგვეტანა ექსპორტზე და გაგვეხსნა ალტერსოქსის ვებგვერდი საფრანგეთში“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ვებგვერდის ამოქმედება ხელს შეუწყობს ევროპული ბაზრის ათვისებას.

„ასევე გაკეთდება სხვა სოციალური არხები, რომელიც კონკრეტულად ფრანგულ ბაზარზე იქნება მორგებული და ვეცდებით, ასე გავიდეთ ექსპორტზე.

მანამდე ჩვენი წინდები ამაზონიდან საფრანგეთში კარგად იყიდებოდა, ახლა კი ვფიქრობთ რომ ჩვენი ვებგვერდიდან უფრო კარგი შედეგები გვექნება, რადგან ნაკლებად ვიქნებით შეზღუდულები რეკლამის ჭრილში“, - აცხადებს რეზი ბესელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები