ალტრუისტული ბიზნესმოდელი განათლების სერვისების მიწოდების დროს არ მუშაობს - ამის შესახებ USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელმა ირინა წეროძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ გუშინ მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის განათლების მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართეს. ბიზნეს ლიდერთა საბჭო USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში და PMCG-ის პარტნიორობით შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანი კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა, კადრების გადამზადება და იმ საკადრო დეფიციტის შევსებაა, რომლის წინაშეც ბიზნეს სექტორი დგას.
ირინა წეროძემ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა და რამდენიმე საინტერესო მიგნებამდეც მივიდნენ.
„თავიდან, როცა პროგრამა დავიწყეთ ამ მასშტაბის მოლოდინი არ გვინდა, რადგან ჩვენი თანაინვესტირება ასევე კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციის აუცილებლობას ეფუძნებოდა და ჩვენ არ ვიცოდით როგორი რეაგირება ექნებოდა ბიზნესს ამ შეთავაზებაზე. ჩვენი ინვესტიცია 30 000 დოლარიდან მილიონ ნახევარის ფარგლებში იყო და დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. ბიზნესს და განათლებას აინტერესებს სხვადასხვა დამხმარე და წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით გარკვეული სტარტაპ დაფინანსებები, რომ მერე უკვე მდგრადად გააგრძელოს თავისი პროექტები. 61 პარტნიორი გვყავს დღეს პროგრამაში, აქედან 21 არის საგანმანათლებლო დაწესებულება და 40 კერძო სექტორი. პროგრამები რომლის შექმნაშიც დამსაქმებელია ჩართული და ადრე თუ ეს იყო რაღაც ფრაგმენტული ჩართულობა, მაგალითად კურიკულუმის შექმნა, დღეს კურიკულუმის შექმნაშიც ზის შენთან ბიზნესი და მერე განხორციელებაშიც თვითონაა ჩართული. გვაინტერესებდა, რამ იმუშავა/ წაახალისა ბიზნესი, რომ ამხელა ციკლში ჩართულიყო და ამხელა პასუხისმგებლობა აეღო. ძალიან საინტერესოა, ერთის მხრივ ფორმალურ განათლებაში წახალისება, კერძო სექტორის ჩართულობის და მეორეს მხრივ, თვითონ კერძო სექტორის აღქმები და მისი ინტერესი რა არის. როცა ვესაუბრებით ბიზნესს პატარა კვლევა ჩავატარეთ და ძალიან საინტერესო მიგნება იყო, რომ ალტრუისტული ბიზნესმოდელი განათლების სერვისების მიწოდების დროს არ მუშაობს. ბიზნესისთვის დღეს პარალელური სამყაროა, როდესაც ის ფიქრობს, რომ განათლების კომერციალიზაცია მისთვის ძალიან საინტერესოა და ამ მხრივ წამოგყვება. თუ ამის შესაძლებლობას ქვეყანაში სისტემა მათ მისცემს მაშინ მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება", - განაცხადა მან.