მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ აუქციონით პანდორას ყუთი გავხსენით" - ორგანიზატორების შეფასებები საერთაშორისო არტ-აუქციონის შემდეგ

ჰესსინკის აუქციონი

საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ხელოვნების აუქციონი მოულოდნელი წარმატებით დასრულდა და გარდამტეხ მოვლენად იქცა ქართული ხელოვნების ბაზრის განვითარებისთვის. ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული აუქციონი ორშაბათს 27 აპრილს ჩატარდა და მასზე გამოტანილი 90-ვე ლოდი გაიყიდა. აუქციონმა, ჯამში, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ევროს ბრუნვა დააფიქსირა.

თეა გოგუაძემ, ხელოვნების ფონდი “ანაგის” თანადამფუძნებელმა, BMG-სთან საუბრისას აუქციონის ჩატარების შემდგომ აღნიშნა - “ეს საოცარი წარმატებაა - სრულიად მოულოდნელი. ვფიქრობ, ამ აუქციონით პანდორას ყუთი გავხსენით და წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება“.

სააუქციონო სახლის თანახმად, ღონისძიებამ როგორც ფინანსური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით მოლოდინს გადააჭარბა. „საღამო ძალიან წარმატებული იყო - ჯამურმა გაყიდვებმა დაახლოებით 2 მილიონამდე ევროს მიაღწია, რაც ქართული ხელოვნებისთვის პირველი ასეთი შედეგია,“ - აღნიშნა იაშარ აჯამიმ, Hessink’s Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა.

ღონისძიებამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიის მხრიდან - აუქციონში მონაწილეობდნენ მყიდველები იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ა.შ. ხოლო რაც შეეხება ქართველ მყიდველებს, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბევრი ქართველი დამსწრისთვის აუქციონი ახალი გამოცდილება იყო.

“გვინდოდა, მყიდველები თავად ხელოვნებას მიეზიდა და არა მხოლოდ დიდ სახელებს,“ - განმარტა ლაშა ნოდიამ, Hessink’s Tbilisi-ის გენერალურმა დირექტორმა. „გავყიდეთ ყველა ლოტი, მათ შორის ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც, რაც ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.“

საღამოს მოვლენა ბანძელაძის ნამუშევრები იყო, რომლებმაც რამდენიმე საერთაშორისო რეკორდი დაამყარა. ბრედლი ჰესსინკის, Hessink’s international-ის დირექტორის თქმით, ქართველი ხელოვანების განვითარება შეიძლება დაემსგავსოს Banksy-ს წარმატების გზას - “ერთ დროს ბენქსის ყიდვა 1500-2000 ევროდ თავისუფლად შეიძლებოდა, დღეს კი მისი ნამუშევრების ფასი მილიონებია. ანალოგიურს ვვარაუდობთ ბანძელაძის ნამუშევრებზეც.”

ორგანიზატორების თქმით, აუქციონი არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობის მოვლენაა. ჰესსინკის სააუქციონო სახლის მიერ უკვე იგეგმება წელს საქართველოში კიდევ რამდენიმე აუქციონის ჩატარება, მათ შორის ღვინისა და დიზაინის მიმართულებით.

ჰესსინკის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნას. “ეს კარგია ბიზნესისთვის, ეს კარგია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, და სწორედ ეს არის რასაც ვაკეთებთ ჩვენ დღეს აქ, რათა საქართველომ შეძლოს გაშალოს ფრთები და მსოფლიო ბაზარზე იასპარეზოს”.

Hessink’s international-ის დირექტორმა ასევე ისაუბრა ქართული აუდიტორიის მხრიდან აუქციონის მიმართ დიდ ინტერესზე, რაზედაც სავსე დარბაზი მეტყველებდა “აქ იყო ბევრი დამკვირვებელი, რომელიც მოვიდა, რომ ენახა და გამოცდილება მიეღო, ჩვენ მადლობლები ვართ ამისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ნამდვილად დაინტერესდა აუცილებლად დაგვიბრუნდება. აუქციონი დიდი წარმატებაა, რა შემიძლია დავამატო… ვემზადებით შემდეგისთვის.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები