"ფსევდომონა" - ასე ჰქვია ბაქტერიას, რომელიც თხილის ბაღების უეცარ ხმობას იწვევს და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს თხილის ბაღებში აქტიურად ვრცელდება. „ამ ბაქტერიას ვუწოდებთ თხილის კიბოს“ - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში თხილის გადამმუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსის“ დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ.
კომპანია „ჯეო ნათსს“ სამეგრელოში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე აქვს თხილის ბაღები გაშენებული და ჯენერ ბელქანიამ ვრცლად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, როგორ ებრძვიან მავნე ბაქტერიას, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ფერმერებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.
ჯენერ ბელქანიას მთავარი რჩევა ფერმერებისთვის დაავადების პრევენცია და ბაღის მუდმივი მონიტორინგია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხე გახმობას დაიწყებს, მკურნალობა უკვე დაგვიანებულია, ამიტომ აუცილებელია, ბაღების პროფილაქტიკური შეწამვლა სპილენძის შემცველი პრეპარატებით შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.
"იმ შემთხვევაში კი, თუ ბაქტერია მცენარეს უკვე შეეხო, ერთადერთ გამოსავლად ინფიცირებული ხის სასწრაფო მოჭრა, ბაღიდან გატანა და მისი ფესვიანად განადგურება რჩება", - ამბობს ის.
მართალია, 2026 წლიდან, სახელმწიფო თხილის სექტორის სუბსიდირების პროგრამას აღარ ახორციელებს, თუმცა ჯენერ ბელქანიას განმარტებით, პრევენციისთვის საჭირო სპილენძის ხსნარი ძვირი არ ჯდება და 1 ჰექტარზე ხარჯი 150 ლარის ფარგლებშია, რაც მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად ფერმერისთვის მომგებიანი ინვესტიციაა.
ინტერვიუ ჯენერ ბელქანიასთან
- ბატონო ჯენერ, გამომდინარე იქიდან, რომ ბაქტერია “ფსევდომონა” შედარებით ახალი პრობლემაა მეთხილე ფერმერებისთვის და შესაბამისად, მწირია მასთან ბრძოლისთვის საჭირო ცოდნაც, ინტერვიუ საგანმანათლებლო ნაწილით მინდა დავიწყოთ: კონკრეტულად რა ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, რა არის მისი პირველი სიმპტომები და რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ ხმობა მთელ ბაღზე არ გავრცელდეს?
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ორჯერ გვქონდა შეხვედრა სწორედ თხილის ბაღების ხმობის პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ. მოგეხსენებათ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - იგივე ხდება თურქეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და აზერბაიჯანშიც. ხმობის პროცესი უეცრად იწყება: მცენარე სრულიად ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა რამდენიმე დღეში ჭკნება, ფოთლებს ყრის და შრება. ხეზე შერჩენილი გამხმარი ან შემხმარი ფოთლები დაავადების პირველი ნიშანია. ამ დროს აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი. ხმობის შენიშვნისთანავე საჭიროა, ხის მოჭრა, ბაღიდან გატანა და დაწვა. ამავდროულად, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ მცენარის ძირიც და ისიც გარეთ გავიტანოთ. ეს გადამწყვეტია, რადგან საქმე გვაქვს გადამდებ დაავადებასთან, რომელსაც მეცნიერულად ფსევდომონას უწოდებენ, თუმცა ჩვენ მას, ძირითადად, თხილის კიბოდ მოვიხსენიებთ. იგი ძალიან სწრაფად ვრცელდება. რამდენადაც ვიცი, პრობლემა განსაკუთრებით მაის-ივნისის შემდეგ ხდება შესამჩნევი.
- როგორ უნდა უმკურნალონ თხილის ხეებს ფერმერებმა - რა არის ყველაზე ეფექტიანი საშუალება?
- დიახ, სამწუხაროდ, ბაღებში ხმობის პროცესი სწორედ ახლა იწყება… თუ ბაღში ერთი კვირის განმავლობაში არ შეხვალთ, შესაძლოა, რამდენიმე ძირი უკვე გამხმარი დაგხვდეთ. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე - ვინაიდან რამდენიმე ასეული ჰექტარი ბაღი გვაქვს, რომელიც შესანიშნავად არის მოვლილი - ერთადერთი გამოსავალი პრევენციაა. მინდა, ჩემს კოლეგებსა და ტელემაყურებელს ჩვენი გამოცდილება გავუზიარო: ჩვენ ბაღებს ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე 3%-იანი სპილენძის შემცველი პრეპარატებით ვწამლავთ. ამის წყალობით, ჩვენს ბაღებში ხმობის პროცესი, დღეის მდგომარეობით, საბედნიეროდ, საერთოდ არ დაფიქსირებულა.
- ანუ შეწამვლა უკვე დაგვიანებულია?
- დიახ, ამ ეტაპზე შეწამვლა უკვე დაგვიანებულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბაღი უნდა დამუშავდეს შემოდგომაზე - აცივებისას და ადრე გაზაფხულზე - სანამ მცენარე გაღვიძებას და ვეგეტაციას დაიწყებს.
- რას ურჩევდით მეთხილე ფერმერებს, რომლებსაც ინფორმაცია არ ჰქონდათ და თხილის ბაღები წელს არ შეწამლეს, რადგან გარეგნულად თხილის ხეებს დაავადება არ ეტყობოდა - აუცილებელია, მთელი ბაღი შეწამლონ შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე?
- დიახ, შეწამვლა პრევენციის მიზნით უნდა გაკეთდეს. წინასწარ არავინ იცის, კონკრეტულად რომელი ხე ან რომელი ბაღი დაზიანდება. ამიტომ, ყველა დაინტერესებული ფერმერი უნდა ეცადოს, პროფილაქტიკურად შეწამლოს ბაღი შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. მანამ, სანამ ტოტი ფოთოლს გამოიტანს, მცენარე სპილენძის შემცველი პრეპარატით უნდა დამუშავდეს. ჩვენ, ჩვენს პრაქტიკაში, 3%-იან ხსნარს ვიყენებთ.
- დიდ კომპანიებს ალბათ ნაკლებად აქვთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, მაგრამ რამდენად შეძლებენ მცირე ფერმერები - ოჯახები, რომლებიც 1 ან 3 ჰა თხილის ბაღებს ფლობენ საკუთარი ძალებით ბაღების შეწამვლას? მოგეხსენებათ, თხილის სუბსიდირების პროგრამა წელს გაუქმდა…
- დაახლოებით, რომ გითხრათ, ერთ ჰექტარზე ფინანსური ხარჯი 150 ლარის ფარგლებშია. ერთ ჰექტარ ფართობზე მცენარეებს სულ რაღაც 600 ლიტრი წყლის ნაზავი უნდა შეესხუროს. როგორც უკვე ვთქვით, 2-ჯერაა საჭირო წამლობა.
- რამდენადაც ვიცი, როდესაც 2024 წელს ფერმერებმა თხილის ძირების ხმობა პირველად შეამჩნიეს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრს იტალიელი კონსულტანტიც ჰყავდათ ჩამოყვანილი. მაშინ ითქვა, რომ უნდა გაწერილიყო კონკრეტული სამკურნალო პროტოკოლი. თქვენ ახლა სპილენძის ხსნარზე საუბრობთ - ეს სამინისტროს მიერ დადასტურებული ინსტრუქციაა თუ თავად სექტორმა მიაგენით იმას, რაც დღეს ყველაზე ეფექტურია?
- ეს უფრო სამუშაო პროცესიდან გამოკვეთილი პრაქტიკაა. როგორც აღვნიშნე, ბოლო თვეში მინისტრთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად ორი შეხვედრა გაიმართა. ამ საკითხზე მსჯელობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რადგან მსოფლიოში ჯერ კიდევ არავინ იცის ზუსტად, რა იწვევს ამ დაავადებას ბოლომდე ან როგორ ვებრძოლოთ მას საფუძვლიანად. ჩვენ მხოლოდ შედეგს ვხედავთ - ხე ხმება, თუმცა ამას წინასწარი პროცესები უძღვის. ზუსტი, გარანტირებული მეთოდი არავინ იცის, თუმცა ვხედავთ, რომ სპილენძის პრეპარატით შეწამვლა რეალურ შედეგს იძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მალე გამოსცემს საინფორმაციო ბუკლეტებს და დაარიგებს კიდეც… მაქვს ინფორმაცია და ვიცი, რომ უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელებში აუცილებლად გამოჩნდება საინფორმაციო და შემეცნებითი ვიდეორგოლები.
- ამბობენ, რომ უკვე არიგებენ, თუმცა შესაძლოა, ინფორმაცია ყველამდე ვერ მიდის და მეტად აქტიური საინფორმაციო კამპანიაა საჭირო…
- საქმე ის არის, რომ მარტო ჩვენი სამინისტრო კი არა, მთელი მსოფლიო ვერ სცემს ჯერ ზუსტ პასუხს ამ პრობლემას. კი, დავარქვით ამას „თხილის კიბო“, მაგრამ ზუსტი გამომწვევი მიზეზები და ბრძოლის უალტერნატივო გზები უცნობია. სწორედ ამიტომ არის საჭირო გარკვეული სიფრთხილე და სამინისტროც ამიტომ იკავებს თავს ნაჩქარევი განცხადებებისგან. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებიან, ყველა სამუშაო ჯგუფი აქტიურ რეჟიმშია ჩართული. მე ჩემი კომპანიის მაგალითზე ვამბობ, რომ სპილენძით ვწამლავთ და ჯერჯერობით, ეფექტური შედეგი გვაქვს, თუმცა დაზუსტებით და დაბეჯითებით თქმა, რომ სხვა პრეპარატი არ არის საჭირო, რთულია, რადგან საბოლოო დიაგნოზი და დასკვნა ჯერ არ არსებობს. ჩვენ სპილენძით ვებრძვით და ვიმეორებ, შედეგი გვაქვს…
- ბატონო ჯენერ, რამდენიმე კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე თხილის სუბსიდირების პროგრამის აღდგენის საკითხი თქვენ დააყენეთ. დავით სონღულაშვილი დაგპირდათ, რომ საკითხს მთავრობის სხდომაზე გაიტანდა. რა ინფორმაციას ფლობთ - გაიტანა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მიიღო?
- იცით, როგორ არის?! ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, თავად ფერმერი იყოს მოტივირებული და მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, ერთ ჰექტარზე 500-ლარიანი დახმარება, რაც ადრე იყო, ფერმერებისთვის უდიდესი შეღავათი გახლდათ, ამაში გეთანხმებით, მაგრამ რადგან სახელმწიფომ ამ ეტაპზე ასე გადაწყვიტა და ამ დაფინანსებას ვეღარ გასცემს, ფერმერი ხომ არ უნდა გაჩერდეს?! ერთ რამეს გეტყვით: მომავალში პრემიუმ ხარისხის თხილს რადიკალურად მაღალი და სტაბილური ფასი ექნება. ეს უნდა იყოს ფერმერისთვის უმთავრესი მოტივაცია, რადგან დღეს მთელ მსოფლიოში ჭირს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება. თურქეთშიც კი, რომელიც თხილის მთავარი მწარმოებელია, უმაღლესი ხარისხის მიღების პრობლემა დგას. ჩვენთვის მთავარი მიზანი სწორედ პრემიუმ ხარისხია და არა მხოლოდ რაოდენობა; უფრო სწორად, ხარისხი პლუს რაოდენობა. პრაქტიკულ ენაზე რომ ვთქვათ: თუ სტანდარტული თხილი პირობითად 5 ლარი ეღირება, მაღალი ხარისხის თხილის ფასი 10 ლარს მიაღწევს. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?! ასე რომ, თუ სახელმწიფო ვერ აფინანსებს [ფერმერს], ფერმერი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან კარგი მოსავლის შემთხვევაში, ორჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს.




























