"კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველი პარტნიორი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ სექტორში არსებული მდგომარეობა კრიტიკულია და "ქირურგიულ რეფორმებს" საჭიროებს - ამის შესახებ ტრაპაიძემ BM.GE-სთან მთავრობასთან ინფრასტრუქტურის მშენებლებთან შეხვედრის შეფასებისას ისაუბრა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფრო ლევან ჟორჟოლიანსა და ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
BM.GE-სთან საუბრისას პაატა ტრაპაიძემ შეხვედრის დეტალები შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მთავრობის მხრიდან ცვლილებისთვის გარკვეული მზაობა დაინახა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ე.წ. 55-ე დადგენილების შესაძლო გაუქმებაა, რომელიც წლებია მშენებლებისთვის ბარიერს წარმოადგენდა. პაატა ტრაპაიძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სპეციალური რეფორმების ჯგუფის შექმნაზე.
"არსებობდა 2012 წლის ზაფხულიდან 55-ე დადგენილება, რომელიც მთლიანად ბოჭავდა ზედნადები ხარჯისა და მოგების მიდგომას - მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ბარიერი მოხსნილი იქნება. მეორე და ყველაზე მთავარი: ბევრმა წარმომადგენელმა ბრძანა, რომ ეს სექტორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ შეუძლებელია ერთმა შეხვედრამ მოიტანოს შედეგი, თუმცა დღეს პოზიტიურად გამოჩნდა სურვილი - უკვე ხვდებიან, რომ პრობლემები დაგროვილია და ეს არ არის მხოლოდ 2-3 წლის საკითხი, ეს 15-20 წლის პრობლემებია.
შევთანხმდით, რომ შეიქმნება რეფორმების ჯგუფი. უნდა შევიკრიბოთ და დავგეგმოთ, რა მოდელზე ვართ თანახმა. სახელმწიფოს თავისი მოთხოვნები აქვს, ჩვენ - ჩვენი. ბიზნესში არ არსებობს ცალმხრივი კმაყოფილება, ორივე მხარე უნდა იყოს კმაყოფილი. იმედი გვაქვს, ეს ჯგუფი შედეგს მოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა როგორც მთავრობის, ისე ინფრასტრუქტურის მშენებელთა მხარეს. თუ იქნება შედეგი, ამით მოგებული დარჩება ქვეყანა," - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
მშენებლებისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი ტენდერებში ჩინური სახელმწიფო კომპანიების დომინირებაა. ტრაპაიძის თქმით, ქართული კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, რაც ბაზარს აზიანებს.
"შეუძლებელია, რომ კერძო ქართულმა კომპანიებმა ფასებით დაამარცხონ ჩინური კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო უკეთებს სუბსიდირებას. ეს თემა აუცილებლად გადასაწყვეტია. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუწევთ კონკურენციას კომპანიას, რომელსაც დოტაცია აქვს ჩინეთიდან. ეს პრემიერ-მინისტრმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოისმინეს, მინისტრმა კი ისედაც კარგად იცოდა.
ქართველი კომპანიების კრიტიკა მილიონჯერ მომისმენია და ალბათ უმეტესობა იმსახურებს კიდეც ამას, მაგრამ ჩინურ კომპანიებზე, გარდა ხადის ხეობის პრობლემისა, სადმე რამე გაგიგიათ? მათთვის შექმნილია "სათბურის პირობები". რატომ? იმიტომ, რომ ისინი დაბალ ფასებს დებენ. მესმის დამკვეთის - რაც უფრო დაბალ ფასში გააკეთებინებს, მით უფრო კმაყოფილია მთავრობა, მაგრამ დღეს გააკეთა, თუმცა რამდენი ხანი გაძლებს ეს ხარისხი, ეს ხომ არავინ იცის?
მარტივ კითხვას ვსვამ: რატომ არ არიან საქართველოში შემოსული ჩინური კომერციული კომპანიები? რატომ მუშაობენ მხოლოდ სახელმწიფო კომპანიები? ეს ჩინეთის ექსპანსიის თემაა. დამკვეთმა უნდა თქვას: თუ გვინდა ჩინურით აშენებული პროექტები, უნდა ვიცოდეთ მაინც, რომ ეს გვინდა და მორჩა. ვინც ფულს იხდის, ისაა მბრძანებელი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ეკონომიკურ გათვლებზე უნდა იყოს ბაზირებული - რა მოაქვს ჩინელების აშენებულს და რა მოაქვს ქართული კომპანიების გაძლიერებას", - განაცხადა "კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველმა პარტნიორმა.
პაატა ტრაპაიძის თქმით, სექტორი, რომელიც 100 000-მდე ადამიანს ასაქმებს, დღეს წამგებიანია და თუ მიდგომები არ შეიცვალა, ქვეყანა სოციალური აფეთქების წინაშე დადგება. მისივე თქმით, ტენდერებში მხოლოდ ფასის კრიტერიუმად აღება შეცდომაა.
"დღეს იყო მხოლოდ პრობლემების ნუსხა და კრიტიკა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ანგელოზები ვართ. ჩვენს შორისაც არიან არაკეთილსინდისიერი შემსრულებლები. სახელმწიფოს ფულს როცა ხარჯავს, მას უნდა ხარისხიანი გზა, რადგან ეს ხალხის ფულია, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას, აქ ვართ შორს ერთმანეთისგან. არ შეიძლება ტენდერში გადამწყვეტი იყოს მხოლოდ ფასი. სწორედ ამიტომაა ამდენი პრობლემა დაგროვილი.
მოგატყუოთ, რომ ყველაფერი მჯერა? გამოჩნდება, რა ცვლილებები იქნება. მე ვამბობ, რომ ქირურგიული რეფორმებია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ეს სფერო 100 000 კაცს ასაქმებს და თუ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდოს, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. დღეს დავინახეთ მზაობა, ეტყობა ინფორმაცია მივიდა მათთან, რომ ეს სექტორი რეალურად წამგებიანი გახდა. გამოვედი ზომიერად ოპტიმისტური განწყობით", - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
შეხვედრის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს ამბიციური გეგმები და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განსახორციელებელი და მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად. პაატა ტრაპაიძის ინფორმაციით კი, პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა, თბილისის შემოვლითი გზა და ავტობანის მშენებლობის დასრულება იყო.




























