მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია“ - სპეციალისტები წალენჯიხაში მდ. ტებენაზე მეწყერის ჩამოწოლის შესახებ

მეწყერი

წალენჯიხაში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ტებენაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. 9 აგვისტოს კი მეწყერის ჩამოწოლის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამაც გააკეთა განცხადება. მათი ცნობით, მდ.ტებენაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც წყლის ბუნებრივი დაგუბება გამოიწვია. მერიაში აცხადებდნენ, რომ ამ გარემოებას შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოეწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი უწყებებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩააყენა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ 9 აგვისტოს ღამის საათებში გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

„გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია“, - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები