“მუსიკის სინქრონიზაციის სერვისს ორასზე მეტ მუსიკოსს ვთავაზობთ და მიხარია, რომ ათასზე მეტი სიმღერა განვათავსეთ ამ პლატფორმებზე”, - ამის შესახებ მუსიკალური მენეჯმენტის ქართული კომპანიის, Bloom Music-ის თანადამფუძნებელმა, ჯაბა შავიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა. მისივე თქმით, გლობალურ სტრიმინგ-პლატფორმებზე უფრო და უფრო მეტი ქართველი მუსიკოსის გამოჩენა იმ მნიშვნელოვან ცვლილებას უკავშირდება, რომელიც მუსიკალურმა ბიზნესმა ბოლო წლებში განიცადა.
“ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუსიკის მონეტიზაციის პროცესი ძალიან შეიცვალა - კი, დისკებიც, ფირფიტებიც და კასეტებიც დღესაც იყიდება, მაგრამ უდიდესი წილი სტრიმინგ-სერვისებზე მოდის და თუ არტისტს საკუთარი მუსიკის კომერციალიზაცია სურს, სწორედ Spotify-ის, Apple Music-ისა და Deezer-ის მსგავს პლატფორმებს უნდა მიმართოს. ამ მიმართულებით ჩვენ ამერიკულ Symphonic Music-თან ვთანამშრომლობთ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორია. ამ სერვისს ორასზე მეტ მუსიკოსს ვთავაზობთ და მიხარია, რომ ათასზე მეტი სიმღერა განვათავსეთ ამ პლატფორმებზე”, - აღნიშნავს ჯაბა შავიშვილი.
ამ საკითხებთან ერთად, Bloom Music-ის თანადამფუძნებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებულ სხვა სერვისებზეც ისაუბრა, რომელთა მთავარი არსი - მუსიკოსისთვის შემოქმედებითი თავისუფლების მისაცემად საჭირო ყველა ბარიერის აღმოფხვრას გულისხმობს.
“გარდა იმისა, რომ მუსიკოსი - მუსიკას ქმნის, დღეს მას ძალიან ბევრი სადარდებელი აქვს. თუ ადრე ადამიანები ამაზე ზრუნავდნენ, დღეს მუსიკოსებს უწევთ ამ მიმართულებით თავად იმუშაონ, რის გამოც ბევრი ე.წ. “ბედრუმ-პროდიუსერი” გვყავს, რომელიც თავის სახლში ქმნის მუსიკას და ბევრი უნარი სჭირდება იმისთვის, ეს მუსიკა რომ წარმოაჩინოს. შესაბამისად, არტისტ-მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში მუსიკოსს ეხება მუსიკის შექმნა და ხელოვნებაზე ფიქრი, ხოლო ჩვენ - მუსიკის შეფუთვა და ყველა სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხის გაძღოლა, რათა არტისტის კარიერა წინ წავიდეს”, - ამბობს Bloom Music-ის თანადამფუძნებელი, ჯაბა შავიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Bloom Music-ი კიდევ ერთი მიმართულებით ოპერირებს და ამ მხრივ, მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ გამომცემლობასთან, Sony Music Publishing-თან და მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვან სპეციალიზებულ პლატფორმასთან, Extreme Music-თან თანამშრომლობს. როგორც ჯაბა შავიშვილი “საქმიან საღამოში” ამბობს, Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს და ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს უდიდესი მუსიკალური გამომცემლობის სპეციალიზებული მუსიკის კატალოგებიდან საკუთარი პროექტებისთვის შესაბამისი მუსიკის გამოყენების ლიცენზია მიიღონ.