მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს სავარაუდოდ, ვერ შეამცირებს - დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

ანალიტიკოს დავით მაისურაძის მოლოდინით, ეროვნულ ბანკს უახლოეს მომავალში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალება არ ექნება.

ამის შესახებ მაისურაძემ BMG-ის ინფლაციის დაჩქარებული ტემპის შეფასებისას განუცხადა.

საქმე ისაა, რომ აგვისტოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაცია 4.6%-მდე გაიზარდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დავით მაისურაძის განცხადებით, დაჩქარებული ინფლაციის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს. მისივე შეფასებით, ინფლაციის დაჩქარებული მაჩვენებელი კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესებულია.

„ცალკე აღებული ინფლაციის 4.6%-იანი მაჩვენებელი არაა კრიტიკული ნიშნული, თუმცა თუკი ჯამურად ავიღებთ იმას, რომ სხვა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებიც გაუარესებულია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საყურადღებო მაჩვენებელია. ჯამურად ეკონომიკური ტენდენცია გაუარესებულია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია და ამ ზრდის ტემპის შემცირების კვალდაკვალ იზრდება ინფლაცია.

არ ველოდები, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის ამ მაჩვენებელზე რაიმე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ალბათ დაელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, რა ნიშნულს მიაღწევს ინფლაციის მაჩვენებელი და იმის მიხედვით იმოქმედებენ. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებენ. სავარაუდოდ უცვლელს დატოვებენ და დაელოდებიან ინფლაციის მაჩვენებლის ტრაექტორიას“, განაცხადა დავით მაისურაძემ.

ცნობისთვის, დაჩქარებული ინფლაციის ტემპის გამო უკვე არაერთი თვეა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს. ივლისის ბოლოს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებაში სებ-ი აღნიშნავდა, რომ ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა.

ეროვნულ ბანკში მორიგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 10 სექტემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები