საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ამჟამად თბილისის სასტუმროებში რუსი ტურისტების წილი 1.4%-ს არ აღემატება.
"რეალური ტურისტების რაოდენობის 20-25% ეკავათ რუს ტურისტებს. ამ ეტაპზე რუსი ტურისტების თბილისის სასტუმროებში განთავსება ისტორიულ მინიმუმზე - 1.4%-ზეა. ეს ნიშნავს, რომ რუსი ტურისტები თბილისის სასტუმროებში, ფაქტობრივად, აღარ არიან", - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" სტუმრობისას და დასძინა, რომ იგივეს თქმა არ შეიძლება ბათუმზე, სადაც რუსი ტურისტების წილი ისევ საკმაოდ მაღალია.
"ვინ არიან და ვინ იყვნენ ჩვენი სტუმრები?! ამ ეტაპზე, ის, რომ თურქეთი ლიდერობს, ტრანზიტის და მძღოლების სტატისტიკაა, ეს ვერ გამოვასწორეთ, ისევ ასე ვითვლით. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის პრობლემა პანდემიის შემდეგ არ მოგვარდა. უკრაინაში კი ომია და იქიდანაც დიდი ნაკადები არ გვაქვს. ამ ეტაპისთვის ვეძებთ ახალ ბაზრებს და რაც ძალიან გვახარებს არის ის, რომ კორეიდან ტურისტული ნაკადების შემოსვლა ისევ დაიწყო. 2019 წლამდე კორეა საკმაოდ კარგად მუშაობდა და ახლა, ისევ აღდგა ეს პროცესი. ასევე, გალფის ქვეყნებიდან (სპარსეთის ყურე) 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან იზრდება პირდაპირი რეისების რაოდენობა", - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ასევე, სასტუმროების ფედერაციის წევრი კომპანიების განთავსების საშუალებების მონაცემებზე დაყრდნობით, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის პირველი ორი თვის შედეგები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სჯობს და იმედოვნებს, რომ დანარჩენ თვეებშიც სასტუმროებს ჯავშნების რაოდენობა და შესაბამისად, დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზრდება.
მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, თბილისის სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 58-62%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როცა 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 88%-90% იყო.
ინფორმაციისთვის, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი - 92.6%-ით.