მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა

ტურიზმი

ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი - 92.6%-ით.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მლნ შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.2%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელს 19.4 %-ით ჩამორჩება, როცა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტები 7.7 მლნ იყო.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2019 წელს, საქართველოში 5.1 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, 2023 წელს კი, 4.7 მლნ ვიზიტი. კლება 7.8%-ია. თუმცა გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 27.8 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, აღდგენა 92.6%-ია.

რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სხვა მონაცემებს,საერთაშორისო ვიზიტორების 75.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8% შეადგინა, ვიზიტორების 3.9% კი როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები