“ამ ეტაპზე, თხილის სექტორისთვის ცალკე სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება არ იგეგმება” - ასე უპასუხეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BMG-ის შესაბამის კითხვას.
დავით სონღულაშვილის უწყებიდან მოგვწერეს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მიმართულია ერთიან, ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ყველა სექტორს, მათ შორის მეთხილე ფერმერებსაც.
თხილის სუბსიდირების პროგრამის აღდგენის საჭიროებაზე თხილის სექტორის წარმომადგენლებმა მაისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს, სადაც განხილვის თემა დარგში არსებული გამოწვევები იყო მათ შორის თხილის ხეების უეცარი ხმობა.
“განვიხილეთ, რომ სუბსიდირება ანუ ფულადი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ფერმერისთვის. მინისტრი შეგვპირდა, რომ განიხილავენ საკითხს მთავრობის სხდომაზე და მერე მოგვაწვდიან ინფორმაციას”, - თქვა "ჯეო-ნათსის" დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ BMG-თან, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, 21 მაისს.
BMG-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი კითხვით მიმართა და მეტი კონკრეტიზაცია მოითხოვა. კერძოდ, საქართველოში თხილის სექტორის სტრუქტურის გათვალისწინებით - თხილის ბაღების უდიდეს ნაწილს მცირე, საოჯახო მეურნეობები ფლობენ - როგორ მოიაზრებს სამინისტრო მათ მხარდაჭერას.
“სოფლად მცხოვრები მოქალაქის ან ოჯახის შემთხვევაში, რომელიც თხილის ბაღში ხეების ხმობის პრობლემას აწყდება, მათ შორის ბაქტერიით გამოწვეული დაზიანების ნიშნების გამოვლენისას, შესაძლებელია მიმართონ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ან სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს. აღნიშნული უწყებების სპეციალისტები ფერმერებს გაუწევენ კონსულტაციას დაავადების იდენტიფიცირების, ბაღის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ მიეწოდებათ რეკომენდაციები დაავადების გავრცელების პრევენციის. დაზიანებული მცენარეების მართვისა და ბაღის მოვლის პრაქტიკების გაუმჯობესების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი”, - აცხადებენ დავით სონღულაშვილის უწყებაში.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით, სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას მეთხილე ფერმერები წელს ნაკლებად უნდა ელოდონ, თუმცა ბაღების ხმობის საკითხზე ფერმერების ცოდნის ამაღლებისთვის რას აკეთებს სამინისტრო? - ერთ-ერთ კითხვად ესეც დავსვით. დავით სონღულაშვილის უწყებიდან მოგვწერეს, რომ საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა და ტარდება ახლაც, ასევე შემუშავდა პრაქტიკული რეკომენდაციებიც.
“2024-2025 წლებში თხილის უეცარი ხმობის პრობლემის შესწავლისა და პრევენციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არაერთი საველე გასვლა, კვლევა და საინფორმაციო შეხვედრა განახორციელეს. სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარდა თხილის ბაღების მონიტორინგი, მცენარეული ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, ფერმერებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კვლევის პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტებიც, მათ შორის იტალიელი სპეციალისტი - ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ასოცირებული პროფესორი ვლადიმირო გუარნაჩა. კვლევითი ცენტრი აღნიშნული მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ფერმერებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას რეგულარულად ახორციელებს. 2026 წლის განმავლობაში, ცენტრის სპეციალისტებმა თხილის ხმობის საკითხზე გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 4 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა/სემინარი გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 160-მდე პირმა, მათ შორის ფერმერებმა, აგრონომებმა და საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა", - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის: 2026 წლიდან, „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამა მხოლოდ ერთწლიანი იყო, მაგრამ 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. კერძოდ, „თხილის სუბსიდირების პროგრამის“ ბიუჯეტი 2023 წელს 21.5 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - ₾22.7 მლნ, ხოლო 2025 წელს კი - 23 მლნ ლარი.
2026 წლიდან "თხილის სუბსიდირების პროგრამა" უქმდება - რატომ? | რა პასუხი აქვს მთავრობას?




























