მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ ეტაპზე უკრაინის ბაზარზე განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ” - “აქვა გეოს” გენდირექტორი

62dcf63ac65e0
ლიკა გურაბანიძე
24.07.22 13:10
1127
“უკრაინის ბაზარი ჩვენთვის ახალი იყო, თუმცა ძალიან პერსპექტიული, რომელიც ამ ეტაპზე დავკარგეთ”, - ამის შესახებ bm.ge-ს “აქვა გეოს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ, რომელიც “სნოს” და “კობის” ბრენდებს აერთიანებს, უკრაინის ბაზარი ერთი წლის წინ აითვისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ამ ქვეყანაში პროდუქციის ჯამური ექსპორტის მხოლოდ 15%-ის გატანა მოასწრო. ომს მოჰყვა ისიც, რომ მსოფლიოში შექმნილმა საზღვაო თუ სახმელეთო შეზღუდვებმა კომპანიას ლოგისტიკა 40%-მდე გაუძვირა.

“ერთი წლის წინ, უკრაინაში საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა. თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია და ამ ეტაპზე უკრაინის ბაზარზე განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. ლოგისტიკურ ხაზებში, გარდა იმისა, რომ გაძვირდა, პროდუქციის გადაზიდვის დროს საგრძნობი წყვეტაც არის, ასევე შეცვლილია მარშრუტები, რაც პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და სიტუაციას ართულებს. გზები პორტების გავლით ლოგისტიკას საგრძნობლად ავითარებდა და ამოკლებდა, ახლა პორტებში გადაადგილება შეუძლებელია და თითოეული მარშრუტი ძალიან დაგრძელდა. უკრაინაში ჯამში 1 მლნ ბოთლის გატანა მოვახერხეთ.” - განმარტა ზურაბ გოზალიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი განახევრდა, ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან იმპორტი კი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოდან უკრაინაში 17,935 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტები გავიდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 40,077 მლნ აშშ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები