მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ₾20 მილიონს თავიანთ მხარდამჭერებზე დაარიგებენ" - აბესაძე NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

ირაკლი აბესაძე

ეს არის 20 მლნ ლარი, რომელსაც თავიანთ მხარდამჭერებზე ხელფასების სახით დამატებით დაარიგებენ - ასე აფასებს „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დირექტორი NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალი სსიპ-ის შექმნას.

როგორც ირაკლი აბესაძემ BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს. მისი შეფასებით, რისკია, რომ მსგავსი ფორმით გრანტების გაცემა კორუფციის წყაროც იქნება.

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც რეალურ გრანტებს, იქ სადაც კონკურენციაა, იქ სადაც საქმე უნდა გააკეთო, ვერასდროს მოიპოვებენ. ასეთები შეიძლება ის არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რომლებიც 2024 წლის არჩევნებს აკვირდებოდნენ და ერთი საჩივარიც კი არ დაუწერიათ. გასაგებია, რომ ისინი ხელისუფლებასთან ალიანსში იყვნენ და ნათელია, რომ “ქართულ ოცნებას” სწორედ ასეთი არასამთავრობო სექტორი სჭირდება.

ეს არის 20 მლნ ლარი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დამატებით ხელფასების სახით უნდა დაარიგოს თავიანთ მხარდამჭერებზე. იმათზე, ვისაც უბრალოდ ვეღარ აფორმებენ სახელმწიფო ინსტიტუტებში და იმისთვის სჭირდებათ, თითქოს არასამთავრობო სექტორმა რაღაც მოიწონა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ გამოავლინა კანონდარღვევა.

თავად ეს სააგენტო, რომლითაც გრანტების გასაცემად იქმნება, “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისთვის მორიგი დასაქმების ბიურო იქნება და ამ თვალსაზრისით კორუფციის ბუდე. რა თქმა უნდა, მათ მიერ გაცემული გრანტები, არამიზნობრივი, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, შესაბამისად, სრულად კორუფციულად დახარჯული”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ფუნქციონირებას სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები