მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტების სააგენტო ფუნქციონირებას მარტიდან იწყებს - ბიუჯეტი ₾20 მილიონია

ვახტანგ ბაჩიაშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

"ჩვენ 20 მილიონს ვვარაუდობდით წლის დასაწყისიდან ბოლომდე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ორი თვე უკვე გასულია, ამ 20 მილიონიდან მოხდება თავად სსიპ-თვის განსაზღვრული ხარჯების დაფინანსებაც. ამის მიუხედავად ვთვლით, რომ ეს საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ წლის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსებს მოხმარდეს, თუმცა იმის მიხედვით რა გამოწვევა და მოთხოვნა იქნება შესაძლებელია ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა", - თქვა ბაჩიაშვილმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

დღეს, 17 თებერვალს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს. "ქართული ოცნების" პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირის ბოლომდე მიიღებენ.

"მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომელსაც უკვე ექნება შესაძლებლობა კონკურსები გამოაცხადოს", - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ცვლილების მიღების შემდეგ, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება ექნება. ახალ სსიპ-ში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები