მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტს, ვინ გადავა რეგიონული სამინისტროდან გაერთიანებულ უწყებაში

რევაზ სოხაძე

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების ფარგლებში სპეციალური კომისია შეიქმნება. კომისიამ უნდა შეაფასოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია და მიიღოს გადაწყვეტილება, გადაყვანილ იქნებიან თუ არა ისინი ახალ, გაერთიანებულ უწყებაში.

ამ საკითხზე სამინისტროების გაერთიანების საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პოლიტიკის კომიტეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპეციალურ კომისიას ინფრასტრუქტურის მინისტრი შექმნის, პროცესის აუცილებლობა კი იმან განაპირობა, რომ ამ დრომდე ორივე უწყება პარალელურად ახორციელებდა როგორც პოლიტიკის შემუშავებას, ისე ამ პოლიტიკის დამხმარე ფუნქციებს.

„ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შეიქმნება კომისია. აღნიშნულმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეების საქმიანობის, მათი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება, რომ გადაყვანილ იქნენ თუ არა ისინი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნულის საჭიროება დადგა იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით ორივე სამინისტროს მიერ ხორციელდება როგორც პოლიტიკა, ისევე ამ პოლიტიკის დამხმარე ფუნქციების უზრუნველსაყოფად არსებობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, უწყებების გაერთიანებისას პოლიტიკის განხორციელების ნაწილში დასაქმებული კადრები ახალ სამინისტროში გადავლენ, თუმცა განსხვავებული მიდგომა იქნება დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელ პერსონალთან დაკავშირებით.

„პოლიტიკის განხორციელების ნაწილში ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საბოლოოდ კომისია მიიღებს, თუმცა ნათელი და ცხადია, რომ ვინაიდან ყველა ფუნქცია გადადის ამ ახალ სამინისტროში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები გადავლენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

რაც შეეხება დამხმარე ფუნქციებს: ვინაიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ყალიბდება ეს ახალი სამინისტრო და იქ უკვე მუშაობენ შესაბამისი საჯარო მოხელეები, მათი გადანიშვნა მოხდება ახალ სამინისტროში, ხოლო ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების შესწავლის შედეგად, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელი საჯარო მოხელეების გადაყვანის ან გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ“, - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებსაც ახალ უწყებაში გადაყვანაზე უარი ეთქმებათ. ბაჩიაშვილის თქმით, მათთვის გათვალისწინებულია კანონმდებლობით განსაზღვრული კომპენსაცია.

„გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, რასაკვირველია, არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გაცემაც მოხდება, თუმცა ამავდროულად მათთვის ღიაა საჯარო სამსახურის სისტემა და ის ვაკანტური პოზიციები, რომელთა ტრანსპარენტულობაც ასევე კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი.

საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები არის ტექნიკური ხასიათის, არც ერთი განსხვავებულს არაფერს აწესრიგებს, გარდა იმისა, რომ ყველა მათგანში ერთი ან მეორე სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლებულია ამ ახალი სამინისტროს სახელწოდებით“.

შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს სამინისტროების გაერთიანებისა და სახელმწიფო მინისტრის პოსტის გაუქმების საკითხს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება და კვლავ ერთ უწყებად ყალიბდება - მთავრობის შემადგენლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქმნება. იმავდროულად, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები