კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისთვის სააგენტო იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩოს შექმნაში ჩართული არ არის. თუმცა ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ თუ მისი აღსრულება GCCA-ს დაევალება, ისინი ამისთვის მზად იქნებიან.
საქმე ის არის, რომ "ფასების საპარლამენტო კომისიის" ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩოს შექმნაა. რომელიც ევროკავშირში არსებული “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ დირექტივის”, შესაბამისი იქნება. ამ დირექტივის ფარგლებშიც არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ბაზარზე მოთამაშეებს შორის ურთიერთობების ასიმეტრია გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამხდარიყო.
აქედან გამომდინარე BM.GE-მ ირაკლი ლექვინაძეს ჰკითხა თუ იყო საქმის კურსში რაზე მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო და როდის იქნება ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი?
„რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის იგივე დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტის ქსელებს შორის სამართლიანი ვაჭრობის შესახებ სამართლებრივი ჩარჩო კანონის ფორმირება, რომელიც ევროპაში და ევროპულ ქვეყნებშია, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემატიკა იყო. ეს ჩარჩო უზრუნველყოფს სამართლიან წესებს ქსელებსა და მიმწოდებლებს შორის და განსაკუთრებით იმ მიმწოდებლების დაცულობას უზრუნველყოფს, რომლებიც მცირე, ფერმერული მეურნეობები, ასევე სტარტაპები არიან. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ამ კანონპროექტზე მომუშავე უწყება არ ვართ. თუმცა თუ აღნიშნული კანონპროექტის მიღება გადაწყდება და მისი აღსრულება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალება, ბუნებრივია მზაობას გამოვთქვამთ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთ დისკუსიაში ვმონაწილეობდით, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვას თუ შემდგომში განვითარებას ეხება“, - განაცხადა ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ დირექტივა მიზნად ისახავს, რომ “ევროკავშირის დირექტივა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ” ბაზარზე უზრუნველყოფს სამართლიან წესებს, რათა მცირე მოთამაშეები არ დაზარალდნენ დიდი კომპანიების მხრიდან. კერძოდ, დირექტივა კრძალავს გვიან გადახდებს (30/60 დღეზე მეტი), ბოლო წუთს შეკვეთების გაუქმებას და ა.შ.
აღნიშნული დირექტივის შესაბამისად კანონპროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაიწერა. ამ კანონპროექტის პირველივე მუხლში ეწერა, რომ მისი მიზანი, სავაჭრო ობიექტის მიმწოდებელსა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრა, მათ შორის ინტერესთა ბალანსის დაცვაა.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ როცა BMG-მ მოიკითხა, რატომ შემოიდო თაროზე ეს კანონპროექტი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვიპასუხა, რომ მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდა, რადგან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და ასევე, იმპორტიორებმა, დისტრიბუტორებმა და საცალო მოვაჭრეებმა, ფასების შემცირების თაობაზე, მთავრობის რეკომენდაციები თავადაც გაითვალისწინეს. თუმცა 2025 წლის ბოლოს სურსათის პროდუქტის მზარდი ფასები დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის მთავრობამ წამოსწია. მისი დავალებით შეიქმნა ორი კომისია - თავდაპირველად ბაზრის მონაწილეებთან "ფასების სამთავრობო კომისია" მუშაობდა, ხოლო შემდეგ FMCG სექტორში მონაწილე მხარეების ურთიერთობების შესწავლა და რეკომენდაციების გაწერა "ფასების საპარლამენტო კომისიამ" გადაიბარა და ევროდირექტივის შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა კვლავ აქტუალური გახდა.




























