კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პროდუქტის ფასების პორტალის Ekalata.gov.ge-ს შექმნისთვის მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან ერთჯერადად გამოყოფილი ₾53 000 პორტალის შექმნასა და უსაფრთხოების ხარჯებზე განაწილდა. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პორტალის შექმნა შემჭიდროებულ ვადებში გვინდოდა და წინასწარ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეს ვერ იქნებოდა დაგეგმილი, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პორტალის შექმნისთვის დაახლოებით 53 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა მოიცავს როგორც პორტალის შექმნის ერთჯერად ხარჯს, ასევე მისი ოპერირებისთვის და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ხარჯებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საკმაოდ რთული ალგორითმით წარდგენილი პორტალია და მას ასევე უსაფრთხოების საკმაოდ მაღალი სტანდარტი აქვს, იმიტომ რომ ინფორმაციების და პორტალზე განთავსებული მონაცემების დაცულობა იყოს მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი.
ეს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში შექმნილი პორტალია, რომლის ოპერირებაზე პასუხისმგებელია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ამიტომ მონაცემების დაცულობას და სისწორეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ბუნებრივია გვყავს პარტნიორი ჯგუფი, ვინც იმუშავა აღნიშნული პორტალის შექმნაზე და ასევე ეს პროექტი მოიცავს იმას, რომ მომავალში ჩვენი გუნდი და თანამშრომლები დატრენინგდენენ, რომ შემდგომში შეძლონ მარტივად, ასე რომ ვთქვათ, როგორც უსაფრთხოების ხაზით, ასევე ოპერირებისთვის საჭირო რესურსის განხორციელება", - განაცხადა ლექვინაძემ.
BM.GE-ს კითხვაზე იქნება თუ არა საჭირო მომავალში ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ასეთ ხარჯებს სააგენტო თავად დაფარავს.
"თუ რაიმე დამატებითი თანხა იქნება მომავალში საჭირო და პროექტის განვითარება მოითხოვს, ჩვენ ამის განსაზღვრა უკვე წინასწარ შეგვეძლება. პირველ ეტაპზე რა თანხაც დაიხარჯა, ეს ერთჯერადი ხარჯია. და თუ დამატებითი ხარჯი იქნება საჭირო, ამას უკვე ჩვენი რესურსით უზრუნველვყოთ ამ პორტალის ეფექტური ოპერირებისთვის", - აღნიშნა მან.




























